პროექტი PRINTeL - IV საკოორდინაციო შეხვედრა









11/17/2020


16 ნოემბერს, Erasmus+ PRINTeL პროექტის ფარგლებში გაიმართა IV საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც არსებული პანდემიის პირობებში Zoom პლატფორმის საშუალებით ონლაინრეჟიმში ჩატარდა.

საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების ინსტიტუციონალურმა კოორდინატორებმა როგორც პროგრამის, ისე პარტნიორი ქვეყნებიდან.

შეხვედრაზე პროექტის კოორდინატორმა, პროფ. არმენ ბუდაგიანმა (Armen Budaghyan) (ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი) დეტალურად განიხილა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, რომლებიც უნდა განხორციელდეს 2020-2021 წწ., პროექტის დასრულებამდე, ასევე, დამატებითი აქტივობების ჩატარების შესაძლებლობები უნივერსიტეტში ინოვაციური პედაგოგიკის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც პროექტის თავდაპირველი გეგმით არ იყო გათვალისწინებული.

საკოორდინაციო შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის ფარგლებში შექმნილი სწავლისა და სწავლების ვირტუალური აკადემიის - VATL ვებპორტალის ინოვაციურ შესაძლებლობებს აკადემიური საზოგადოებისა და სტუდენტებისთვის. ვებპორტალი VATL (Virtual ACademy for Teaching and Learning) იქნება ღია ონლაინპლატფორმა და სტუ-ს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეეძლება მისი შეუზღუდავად გამოყენება. შეხვედრაზე განხილული იქნა აღნიშნული ვებპორტალის სისტემა და მის გაშვებასთან დაკავშირებული დეტალები, ასევე, VATL ფორუმთან დაკავშირებული საკითხები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილმა.

PRINTeL პროექტთან (პროექტი PRINTeL - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“) დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ PRINTeL პროექტის ოფიციალური ვებგვერდი და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება