პროექტი VitaGLOBAL - ონლაინშეხვედრა REEP ცენტრში









11/17/2020

31 ივლისს, ERASMUS+ VitaGLOBAL პროექტის ფარგლებში, არლინგტონის (ამერიკის შეერთებული შტატები) განათლებისა და დასაქმების პროგრამის ცენტრის (Education and Employment Program - REEP) თანამშრომლებისთვის გაიმართა Zoom ონლაინშეხვედრა, სადაც სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ასისტენტმა თამარ საჩანელმა ცენტრის თანამშრომლებს წარმოუდგინა VitaGLOBAL პროექტი და მის ფარგლებში შემუშავებული მიკრობიოლოგიის სასწავლო მოდული.


შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ REEP ცენტრის ამერიკელი და უცხოელი ლექტორები (15 ლექტორი), მათ შორის ტატიანა სანიჩანინ ვუჯიჩი (Tatjana Sanicanin Vujic), სამედიცინო პროდუქციისა და სამედიცინო აპარატურის სააგენტო (ბოსნია-ჰერცეგოვინა); ლიზა ფორტუნე (Lisa Fortune); ვენდი როსასი (Wendy Rosas); ვალენტინა კელი (Valentina Kelly); ფარიდა ჰამიდი (Farida Hamidi) და სხვები.


ახალგაზრდა ქართველმა ლექტორმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადად წარმოუდგინა საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო და, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. მან ვრცლად ისაუბრა უნივერსიტეტში მიმდინარე VitaGLOBAL პროექტზე, მის ფარგლებში დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებზე. საჩანელმა დეტალურად განიხილა პროექტის მიხედვით შემუშავებული სილაბუსი და მიკრობიოლოგიის სასწავლო მოდული, მისი კომპონენტები.


აღსანიშნავია, რომ Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტი VitaGLOBAL - A Global Network for Agricultural Sciences and Viniviticulture: Internationalising through Joint Programmes (№585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP) ითვალისწინებს აგრარული მეცნიერებებისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გლობალური ქსელის შექმნას ერთობლივი პროგრამების ინტერნაციონალიზაციის საშუალებით და მიზნად ისახავს აგრარული მეცნიერებებსა და მევენახეობა-მეღვინეობაში ერთობლივი სასწავლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობას, რაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა ევროპის, სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოსთვის.

პროექტის კოორდინატორია როვირასა და ვირხილის უნივერსიტეტი (ესპანეთი), ხოლო კონსორციუმის შემადგენლობაშია 17 უნივერსიტეტი ევროპიდან (ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია), სამხრეთ ამერიკიდან (ჩილე, ურუგვაი, არგენტინა), სამხრეთ აფრიკიდან და საქართველოდან.

დეტალური ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით იხილეთ VitaGLOBAL პროექტის ოფიციალურ ვეგვერდზე და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება