ESN Tbilisi ISU - საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ გაცვლითი პროგრამების შესახებ









07/06/2020
1-ელ ივლისს, ESN - ერაზმუსის სტუდენტური ქსელის ESN Tbilisi ISU ლოკალური სექციის ორგანიზებითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის მხარდაჭერით, სტუ-ს სტუდენტებისთვის გაიმართა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ გაცვლითი პროგრამების შესახებ.

შეხვედრაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლები პროფ. ოთარ ზუმბურიძე (სამსახურის უფროსი), ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი (სამსახურის უფროსის მოადგილე) და მარიკა ზვიადაძე (საერთაშორისო ურთიერთობათა ჯგუფის უფროსი). შეხვედრას მოდერაციას უწევდა სტუ-ს მეოთხე კურსის სტუდენტი, ESN Tbilisi ISU საერთაშორისო სტუდენტების კოორდინატორი ფიქრია ელიზარაშვილი.

საუბარი შეეხო საინტერესო საკითხებს - თუ რა შესაძლებლობას სთავაზობს სტუ თავის სტუდენტებს სწავლების სამივე საფეხურზე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის კუთხით; ძირითადად რომელი ფაკულტეტებისთვისაა გაცვლითი პროგრამები და რომელ ქვეყნებში; რომელი კურსის სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება შესარჩევ პროცესში; რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი, რომ ერაზმუსის გაცვლით პროგრამაში შეძლოს მონაწილეობის მიღება; შეუძლია თუ არა სტუდენტს, რომელმაც რომელიმე საგნის ჩაბარება ვერ შეძლო (საგანი ჩარჩენილი აქვს), მონაწილეობის მიღება შესარჩევ პროცესში; რა დოკუმენტები უნდა წარადგინონ სტუდენტებმა შერჩევის პროცესისთვის; აუცილებლად სჭირდებათ თუ არა სტუდენტებს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი და ცოდნის რა დონე მოეთხოვებათ; არის თუ არა დაწესებული GPA-ის ზღვარი შესარჩევი პროცესისთვის; როგორ ხდება იმ უნივერსიტეტის არჩევა, სადაც სტუდენტს სურს, რომ გაცვლითი პროგრამით ისწავლოს; როგორ ხდება სასწავლო ხელშეკრულების შედგენა; რას ნიშნავს კრედიტების მობილობა და როგორია საგნების კრედიტების აღიარების პროცესი; რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი რომელიმე საგნის გავლას ვერ შეძლებს თავისი მობილობის პერიოდის განმავლობაში ანდა იმ შემთხვევაში, თუ მობილობით წასული სტუდენტი ვერ მიიღებს დამაკმაყოფილებელ შეფასებას რომელიმე საგანში.

შეხვედრის მონაწილეებმა უპასუხეს იმ შეკითხვებს, რომლებიც აინტერესებთ ERASMUS+ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს და მისცეს სასარგებლო რჩევები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2015 წლიდან ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ერაზმუს+ (Erasmus+) პირველი აქტივობის (ინდივიდუალური სასწავლო მობილობა) ფარგლებში - საერთაშორისო მობილობას კრედიტების დაგროვებით - International Credit Mobility (ICM). აღნიშნული პროგრამებით უკვე 160-ზე მეტმა სტუდენტმა ისარგებლა.

 

სიახლეებში დაბრუნება