საერთაშორისო ონლაინკონფერენცია „COVID-19 - გამოწვევები არქიტექტურაში“ - პრეზენტაცია „ღია განათლება და ღია საგანმანათლებლო რესურსები ინოვაციურ პედაგოგიკაში“









06/28/2020 2020 წლის 15 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ჩატარდა საერთაშორისო ონლაინკონფერენცია „COVID-19 - გამოწვევები არქიტექტურაში“, სადაც წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები როგორც არქიტექტურულ თემატიკაზე, ისე პანდემიის პირობებში პედაგოგიკის გამოწვევებზე.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ასოც. პროფ. ნათია ქოჩლაძემ (არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი) და ასისტ. პროფ. დარეჯან ცუცქირიძემ (საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი), რომლებმაც წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე „ღია განათლება და ღია საგანმანათლებლო რესურსები ინოვაციურ პედაგოგიკაში“.

პრეზენტაციაში განხილული იყო ის სირთულეები და გამოწვევები, რომლის წინაშეც აღმოჩნდა განათლების სისტემა პანდემიის პირობებში, მათ შორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დროებით დახურვა; სწავლების ონლაინ/ელექტრონული ფორმით გაგრძელება; სასწავლო მასალებზე წვდომის შეფერხება; სხვადასხვა სახის სამეცნიერო/კვლევითი და სტუდენტური საქმიანობის/აქტივობის შეფერხება; ინტერნეტსა და მობილურ ხელსაწყოებზე წვდომის გართულება და სხვ.

Erasmus+ PRINTeL პროექტში მონაწილეობით მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ახალგაზრდა მკვლევრებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა და რეკომენდაციები ზემოაღნიშნული პრობლემების დასაძლევად და აღნიშნეს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ღია განათლებასა და ღია საგანმანათლებლო რესურსებს ენიჭება, რისი ათვისებაც საქართველოში სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს.

საგულისხმოა, რომ ამ მიმართულებით ნათია ქოჩლაძესა და დარეჯან ცუცქირიძეს ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარებული აქვთ 4 ტრენინგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის და ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებით ტრენინგების ჩატარებას კვლავაც გეგმავენ.

 

სიახლეებში დაბრუნება