პროექტი VitaGLOBAL - სამუშაო შეხვედრები პორტოს უნივერსიტეტში









05/14/2019
2019 წლის 1-3 მაისს, პორტოს უნივერსიტეტში (University of Porto - U.PORTO) (პორტო, პორტუგალია), ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ VitaGLOBAL პროექტის ფარგლებში მორიგი, რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პრაქტიკულ სემინარებზე განხილული იქნა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები, კერძოდ, მოცემულ ეტაპზე პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ შესრულებული თვითშეფასების ანგარიშები და ამასთან მიმართებით ჩატარებული კვლევის შედეგები, ასევე, სასწავლო მოდულების დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები. სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის გეგმით დაგეგმილი სამომავლო აქტივობებიც.

საგულისხმოა, რომ საკმაოდ ინტენსიური სამუშაო პროგრამა ითვალისწინებდა სოციალურ-კულტურულ აქტივობებსაც. მასპინძელი უნივერსიტეტისა და ქალაქ პორტოს მერიის ორგანიზებით, ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეთვალიერებინათ ქალაქის ისტორიული უბნები და მონახულებინათ პოპულარული პორტვაინის საწარმოო კომპანია.

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტი VitaGLOBAL - A Global Network for Agricultural Sciences and Viniviticulture: Internationalising through Joint Programmes (№585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP) ითვალისწინებს აგრარული მეცნიერებებისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გლობალური ქსელის შექმნას ერთობლივი პროგრამების ინტერნაციონალიზაციის საშუალებით და მიზნად ისახავს აგრარული მეცნიერებებსა და მევენახეობა-მეღვინეობაში ერთობლივი სასწავლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობას, რაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა ევროპის, სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოსთვის.

პროექტის კოორდინატორია როვირასა და ვირხილის უნივერსიტეტი (ესპანეთი), ხოლო კონსორციუმის შემადგენლობაშია 17 უნივერსიტეტი ევროპიდან (ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია), სამხრეთ ამერიკიდან (ჩილე, ურუგვაი, არგენტინა), სამხრეთ აფრიკიდან და საქართველოდან.  საქართველოდან პროექტში მონაწილეობს მხოლოდ ორი უნივერსიტეტი: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

პორტოს უნივერსიტეტში გამართულ სამუშაო ღონისძიებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდნენ აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის უფროსის მ/შ, პროფ. ნინო ჩხარტიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის უფროსის მოადგილე, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი.

დეტალური ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით იხილეთ VitaGLOBAL პროექტის ოფიციალურ ვეგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება