პროექტი VitaGLOBAL - სამუშაო შეხვედრები სტელენბოშის უნივერსიტეტში









03/29/2020
2020 წლის 25 -29 თებერვალს, სტელენბოშის უნივერსიტეტში (Stellenbosch University – SU) (სტელენბოში, სამხრეთ აფრიკა), ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ VitaGLOBAL პროექტის იმპლემენტაციის ფარგლებში დაგეგმილი მორიგი სამუშაო შეხვედრები ჩატარდა.

ღონისძიების საზეიმო გახსნა სტელენბოშის უნივერსიტეტის ცნობილ მუზეუმში გაიმართა. პროექტის მონაწილეებთან ერთად, ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვენენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ბექა დვალი; სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბატონი  მარიუს ჰეინსი და სხვა ოფიციალური პირები.

სტელენბოშის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პრაქტიკულ სემინარებსა და ტრეინინგებზე, რომელიც ეხებოდა კურიკულუმის ინტერნაციონალიზაციას, განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა სწავლების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიები, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების ინტერნაციონალიზაციისათვის, შერეული სწავლება, დამხმარე სერვისები და ტრეინინგები მასწავლებლებისთვის და სხვ.

ღონისძიების მსვლელობისას, ასევე, განხილული იქნა კონსორციუმის წევრ უნივერსიტეტებსა და მათ პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების კვლევის შედეგები.

სტელენბოშის უნივერსიტეტში გამართულ პრაქტიკულ სემინარებზე მონაწილეებმა იმუშავეს  პროექტის ფარგლებში მოდულარიზაციის განვითარებასთან დაკავშირებულ გზამკვლევზე და აკადემიურ მოდულებზე, განიხილეს პროექტის გეგმით დაგეგმილი სამომავლო აქტივობები.

სტელენბოშის უნივერსიტეტში ორგანიზებულ ვორქშოპებში მონაწილეობდნენ კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურების წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან - აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ფაკულტეტის აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, პროფ. ლია ამირანაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის უფროსის მოადგილე, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი.

საგულისხმოა, რომ მასპინძელი უნივერსიტეტის ორგანიზებით, ღონისძიების საკმაოდ ინტენსიური სამუშაო პროგრამა ითვალისწინებდა სოციალურ-კულტურულ აქტივობებსაც, რომლის ფარგლებშიც ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოენახულებინათ რეგიონში არსებული ღვინის პოპულარული კომპანიები და გაცნობოდნენ რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს და ამასთან ერთად, დაეგემოვნებინათ მსოფლიოში ცნობილი სამხრეთ აფრიკული ღვინოები. 

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტი VitaGLOBAL - A Global Network for Agricultural Sciences and Viniviticulture: Internationalising through Joint Programmes (№585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP) ითვალისწინებს აგრარული მეცნიერებებისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გლობალური ქსელის შექმნას ერთობლივი პროგრამების ინტერნაციონალიზაციის საშუალებით და მიზნად ისახავს აგრარული მეცნიერებებსა და მევენახეობა-მეღვინეობაში ერთობლივი სასწავლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობას, რაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა ევროპის, სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოსთვის.

პროექტის კოორდინატორია როვირასა და ვირხილის უნივერსიტეტი (ესპანეთი), ხოლო კონსორციუმის შემადგენლობაშია 17 უნივერსიტეტი ევროპიდან (ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია), სამხრეთ ამერიკიდან (ჩილე, ურუგვაი, არგენტინა), სამხრეთ აფრიკიდან და საქართველოდან. 

დეტალური ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით იხილეთ VitaGLOBAL პროექტის ოფიციალურ ვეგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება