პროექტი VitaGLOBAL - პირველი საორგანიზაციო შეხვედრა









03/18/2019
2019 წლის 18-21 თებერვალს, კუიოს ეროვნულ უნივერსიტეტში (Universidad Nacional de Cuyo – UNCuyo) (მენდოსა, არგენტინა), ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ VitaGLOBAL პროექტის ფარგლებში, პირველი საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა.

Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტი VitaGLOBAL - A Global Network for Agricultural Sciences and Viniviticulture: Internationalising through Joint Programmes (№585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP) ითვალისწინებს აგრარული მეცნიერებებისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გლობალური ქსელის შექმნას ერთობლივი პროგრამების ინტერნაციონალიზაციის საშუალებით და მიზნად ისახავს აგრარული მეცნიერებებსა და მევენახეობა-მეღვინეობაში ერთობლივი სასწავლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობას, რაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა ევროპის, სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოსთვის. 

პროექტის კოორდინატორია როვირასა და ვირხილის უნივერსიტეტი (ესპანეთი), ხოლო კონსორციუმის შემადგენლობაშია 17 უნივერსიტეტი ევროპიდან (ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია), სამხრეთ ამერიკიდან (ჩილე, ურუგვაი, არგენტინა), სამხრეთ აფრიკიდან და საქართველოდან. პროექტის ხანგრძლივობა სამი წელია და 2021 წელს დასრულდება.

შეხვედრის გახსნის ღონისძიება კუიოს ეროვნული უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების ფაკულტეტზე გაიმართა. პროექტის საორგანიზაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურების წარმომადგენლებმა.

საორგანიზაციო შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის სამუშაო პაკეტების დაგეგმვასთან და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები და პროექტის აქტივობები, რომლებიც უნდა დაიგეგმოს 2019 წლისათვის. სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებსა და დისკუსიებზე მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა პროექტის ეფექტურად წარმართვისთვის. 

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს მენდოსას მეღვინეობის რეგიონი, შეხვდნენ ადგილობრივი ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ესტუმრნენ მენდოსას რეგიონში არსებულ ღვინის პოპულარულ კომპანიებს, სადაც შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ცნობილი არგენტინული ღვინოები. ღონისძიების მონაწილეები გაეცვნენ ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობას, მის თავისებურებებსა და არსებულ ტენდენციებს, ასევე, რეგიონში პოპულარულ თანამედროვე ღვინის ტექნოლოგიებს.

საქართველოდან პროექტში მონაწილეობს მხოლოდ ორი უნივერსიტეტი: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. საორგანიზაციო შეხვედრაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდნენ აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის უფროსის მ/შ, პროფ. ნინო ჩხარტიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის უფროსის მოადგილე, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი.

დეტალური ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით იხილეთ VitaGLOBAL პროექტის ოფიციალურ ვეგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება