Erasmus+ - სტუ-ს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი კოშალინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში









03/20/2020
2019 წლის 3-7 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონეთში, კოშალინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Koszalin University of Technology (Politechnika Koszalińska) – KUT), Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომლის კოორდინატორია პოლონეთის უნივერსიტეტი.

ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ კოშალინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლებს. საუბარი შეეხო ორ უნივერსიტეტს შორის არსებული კავშირის გაღრმავებას, ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლას, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას და ახალი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრედიტების აღიარებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.

ნინო ჟიჟილაშვილმა და მარგალიტა სეროპიანმა წარადგინეს პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ, ისაუბრეს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სტუ-ში ჩამოსული უცხოელი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებისთვის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვაზე და ამ ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე. 

სამსახურის უფროსის მოადგილის, ნინო ჟიჟილაშვილისა და სამსახურის უფროსის თანაშემწის, რიტა სეროპიანის ვიზიტი Erasmus+ KA1 პროექტის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის ფარგლებში განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით პოლონურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა სტუ-ს სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ლექტორი, ასისტენტ პროფესორი დავით ჯაფარიძე, რომელიც  მიწვეული იყო კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად. 

ახალგაზრდა ქართველმა ლექტორმა კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობისა და ეკონომიკის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექცია თემაზე  „ინოვაციები მექნიკა-მანქანამშენებლობაში და მისი როლი, საქართველოსა და მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისათვის“ (The role of innovative mechanical engineering, for the development of Georgia and the world economy) და „ინოვაციური კომპეტენციების და მეწარმეობის უნარის გაღრმავება საინჟინრო განათლებაში“ (Enhancing Innovation Competencies and Entrepreneurial Skills in Engineering Education).
დავით ჯაფარიძე პოლონელი პროფესორის კრისტოფერ როკოშის მასპინძლობით სტუმრობდა მექანიკა-მანქანათმშენებლობისა და ეკონომიკის ფაკულტეტებთან არსებულ ლაბორატორიებსა და სასწავლო ცენტრებს.

სტუ-ს წარმომადგენლებმა, ასევე, მიიღეს მონაწილეობა უნივერსიტეტში პარალელურად მიმდინარე Erasmus+ საერთაშორისო ვორქშოპებში. ღონისძიების მსვლელობისას გაიმართა საქმიანი შეხვედრები როგორც კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსტეტის, ისე პოლონეთისა და უცხოეთის ქვეყნების უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებთან.

ვიზიტის ბოლო დღეს შეხვედრა გაიმართა კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან პროფესორ დანუტა ზავაცკასთან. შეხვედრაზე განხილული იქნა ქართველი სტუდენტებისათვის პოლონეთში სწავლის შესაძლებლობები და ერაზმუს+  KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალი ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო  საპროექტო წინადადებები.

სამუშაო ვიზიტი ითვალისწინებდა სოციალურ-კულტურულ აქტივობებსაც მასპინძელ უნივერსიტეტში.

 

სიახლეებში დაბრუნება