პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ - სასწავლო ვიზიტი კილის უნივერსიტეტში









03/10/2020


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, ბრიტანეთის საბჭოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს „შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, 1-8 მარტს, სტუ-ში პროექტის მენეჯმენტის გუნდის ლიდერის (სტატუსი პროექტში – Lead Operational Manager), ასოც. პროფ. ბორის გითოლენდია კილის უნივერსიტეტში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა.

სასწავლო ვიზიტი იყო საკმაოდ დატვირთული და მოიცავდა სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის საქმიან და ოფიციალურ შეხვედრებს, პრეზენტაციებს, დაკვირვებით მუშაობის პრაქტიკას, ვორქშოპებს, ინტენსიურ ტრენინგ-სესიებს და კულტურულ აქტივობებს. მთლიანად სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო, საუკეთესო ბრიტანული პრაქტიკის გაცნობა, შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში მისი შემდგომი იმპლიმენტირება სტუ-ში, როგორც პროექტის ბენეფიციარ ინსტიტუციაში.

ვიზიტის ფარგლებში, კილის უნივერსიტეტში, პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან საქმიანი შეხვედრები გაიმართა, სადაც განხილული იქნა განხორციელებული აქტივობები და პროექტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სამომავლო ღონიძიებები; დაისახა კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას მე-2 წლის პროექტის ფარგლებში; შეჯამდა პროექტის შუალედური ანგარიში და მომზადდა შესაბამისი დოკუმენტაციები.

ვიზიტის განმავლობაში ოფიციალური შეხვედრები შედგა კილის უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტინგის სკოლის დეკანთან, პროფესორ პიტერ ანდრასთან, რომელიც ამავდროულად არის „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ ინსტიტუციური კოორდინატორი კილის უნივერსიტეტში. ასევე კილის უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ჰაბში“ აკადემიური წრის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა და სასწავლო სილაბუსის „მეწარმეობა ინჟინრებისთვის“ ირგვლივ ერთდღიანი საკონსულტაციო სამუშაოები ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია საკითხის საპილოტე პროგრამის სახით მომზადება პროექტის მე-2 წლის ფარგლებში. აღნიშნული სილაბუსი მზადდება დიდი ბრიტანეთის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით და მასში ჩართულები არიან არა მხოლოდ აკადემიური წრის, არამედ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ კილის უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ჰაბთან“.

ასევე, მასპინძელი მხარის ორგანიზებით, სტუ-ს წარმომადგენლისათვის, ერთდღიანი ე.წ. დაკვირვებით სწავლების პრაქტიკა იქნა ორგანიზებული დიდი ბრიტანეთი სტენფორშეარის მხარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში (Stanffordshire Chamber of Commerce – UK), სადაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრებთან ერთად შედგა საინფორმაციო და პრაქტიკული აქტივობები პალატის მმართველ ჯგუფთან. დეტალურად იქნა გაცნობილი სავაჭრო სამრეწველო პალატის მენეჯმენტის სტრუქტურა, მოდელი და მუშაობის სპეციფიკა. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა შემდგომი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და შესაბამისი კომპეტენციების პირთა ჩართვის შესაძლებლობები (აქვე აღვნიშნავთ, რომ სავაჭრო სამრეწველო პალატა დიდ ბრიტანეთში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალი შესაძლებლობების მქონე ინსტიტუცია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან და ბიზნეს სექტორთან კოორდინაციით ახორციელებს უმრავ პროექტს, ბიზნესის განვითარებისა და სავაჭრო-სამეწარმეო ეკოსისტემის გაუმჯობესების კუთხით).

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, სტუ-ს წარმომადგენელი სრულად დაესწრო კილის უნივერსიტეტში, ადგილობრივი, „მერციას ინოვაციური ლიდერობის ცენტრის“ (Mercia Centre for Innovation Leadreship – MCIL) სატრენინგო კურსის „მცირე და საშუალო ბიზნესის ლიდერთა განვითარების პროგრამის“ (Develoment Programme for SME Business Leaders) ეგიდით გამართულ ორდღიან ტრენინგ-სემინარის, 16-საათიან ინტენსიურ სასწავლო მოდულს სახელწოდებით „მარკეტინგი და გაყიდვები წარმატებისათვის“, რომელიც ევროპის კავშირის მიერ დაფინასებული პროგრამის ფარგლებში გაიმართა. ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

სასწავლო ვიზიტი შესაძლებელია შეფასდეს, როგორ წარმატებული, მრავალფეროვანი და ნაყოფიერი. ვიზიტის შედეგების შემდგომი გავრცობის და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით სტუ-ში ჩატარდება ვრცელი მოხსენებები და მეორე წლის პროექტის ფარგლებში აღნიშნული ცოდნა საქმიანი შეხვედრების, პრეზენტაციებისა და სხვა აპრობირებული მეთოდების საშუალებით მაქსიმალურად გაზიარებული იქნება დაინტერესებული აუდიტორიისათვის.


აქვე აღვნიშნავთ, რომ „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ არის 5-წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობას სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული საბჭოების მიერ. მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.

პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ. ის კოორდინაციაშია სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტთან და მისი მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი. პროექტის ორგანიზატორია „სტუ–ს ინოვაციების ცენტრი“.


 

სიახლეებში დაბრუნება