ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის დელეგაცია სტუ-ში









10/24/2019 22 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სტუ-ს რექტორს, პროფ. არჩილ ფრანგიშვილსა და გერმანიის ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (TH Wildau) პრეზიდენტს, პროფ. ულრიკე ტიპეს შორის.

ტექნიკურ უნივერსიტეტში გერმანულ დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა  უნივერსიტეტისა და სტუ-ს ერთობლივი, ორდიპლომიანი ლოგისტიკის საბაკალავრო პროგრამის მიმდინარეობა და განხილული იქნა ახალი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული დეტალები.

ვიზიტის ფარგლებში ქ-ნი ტიპე, ასევე, შეხვდა ლოგისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, სადაც მან ისაუბრა TH Wildau უნივერსიტეტში სწავლის გარძელების პერსპექტივებზე და გერმანულ კომპანიებში პრაქტიკის განხორციელების შესაძლებლობებზე.

სტუდენტებმა გერმანელ სტუმრებს წარუდგინეს ლოგისტიკის ახალი ლაბორატორია და გააცნეს რადიოსიხშირული საიდენტიფიკაციო სისტემის (RFID) ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომელიც გამოიყენება საწყობის მართვის საერთაშორისო პრაქტიკაში.

საგულისხმოა, რომ TH Wildau წარმოადგენს გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრს, რომელმაც 2019 წელს მეორე ადგილი დაიკავა გერმანიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტებს შორის ლოგისტიკის საგანმანათლებლო პროგრამებში.

გერმანულენოვანი საბაკალავრო პროგრამა ლოგისტიკაში სტუ-ში 2015 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება. პროგრამაში მონაწილეობს  სამი წამყვანი გერმანული უნივერსიტეტი და სტუ-ს ლოგისტიკის დეპარტამენტი, პროფ. გიორგი დობორჯგინიძის ხელმძღვანელობით. პროგრამას აფინანსებს გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამა (DAAD).  პროგრამა ორდიპლომიანია და ითვალისწინებს წარმატებული სტუდენტების მობილობას ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, სწავლის მე-7 და მე-8 სემესტრების განმავლობაში. გერმანიაში სწავლის დასრულების შემდგომ ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოიპოვონ TH Wildau-ს დიპლომი.

პროგრამის ფარგლებში, ამჟამად გერმანიაში მობილობით იმყოფება სტუ-ს ლოგისტიკის დეპარტამენტის 9 სტუდენტი. 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე 25-მა გერმანელმა სტუდენტმა ლოგისტიკის დეპარტამენტში გაიარა სხვადასხვა სალექციო კურსები, რომელიც ჩაატარეს გერმანიის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან მოწვეულმა პროფესორებმა.

 

სიახლეებში დაბრუნება