პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ - „დიდი იდეების კონკურსი“ (Big Idea Challenge)









07/03/2019 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები „შემოქმედებითი ნაპერწკალის" პროექტის "დიდი იდეების კონკურსის“ (Big Idea Challenge) ფინალში გავიდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობითა და ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით, ახორციელებს პროექტს „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“.  
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აღნიშნული პროექტის გლობალური კონკურსი - Big Idea Challenge (დიდი იდეების კონკურსი) სამ კატეგორიაში ჩატარდა:

1. ციფრული ტექნოლოგიები;
2. სოციალური გავლენა;
3. შემოქმედებითობა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, სტუ-ში შეირჩა დიდი იდეების საუკეთესო ათეული, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტის ეგიდით ჩატარებულ ლოკალურ კონკურსში (ე.წ. Country Panel).

საგულისხმოა, რომ აღნიშნული მონაწილეებიდან, საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით, სტუ-ს სტუდენტების 2 იდეა გადავიდა ფინალურ ეტაპზე. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ შანსი, გახდნენ საქართველოს ჩემპიონები, მონაწილეობა მიიღონ კონკურსის საბოლოო ეტაპზე და გახდნენ მთლიანი კონკურსის გამარჯვებულები.

საქართველოს ფინალისტები (ე.წ. Country Panel) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან გახდნენ:
1. სტუდენტები
- დიმიტრი სეხნიაშვილი 
- გიორგი ინჯგია

კომპანიის სახელი: SmartION

კატეგორია: ციფრული ტექნოლოგია

იდეის დასახელება: IOT ტექნოლოგიაზე აგებული აკუმულატორების მონიტორინგისა და დიაგნოსტიკის პლატფორმა

ვიდეომისამართი.

2. სტუდენტები
- ანა რჩეულიშვილი
- თეონა რჩეულიშვილი
- ნიკა რჩეულიშვილი

კომპანიის სახელი: Helping Hand

კატეგორია: სოციალური გავლენა

იდეის დასახელება: ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი ფსიქოლოგიის საკონსულტაციო სისტემა

ვიდეომისამართი.

ამასთან, ზემოთ აღნიშნული სტუდენტები მონაწილეობენ ე.წ. ხალხის სიმპატიის ნომინაციაშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეა, რომელიც სპეციალურ პლატფორმაზე დააგროვებს ყველაზე ბევრ მოწონებას, გახდება ნომინაციის გამარჯვებული და სხვა მონაწილეებთან ერთად სექტემბერში გაემგზავრება ლონდინის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი), მოკლევადიანი სასწავლო ვიზიტით და, ასევე, მიიღებენ ორგანიზატორების მხრიდან დაწესებულ სხვადასხვა პრიზებს.

ხმის მიცემა შესაძლებელია ზემოთ მითითებულ ვიდეო მისამართებზე.

აღსანიშნავია, რომ „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ არის 5-წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საერთაშორისო  საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.

პროგრამასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში დაინტერესებულ პირებს პროექტში ჩართვა შეეძლოთ ორი გზით:

1. „საკუთარი ბიზნესიდეა“ - პროექტი ითვალისწინებდა სტუდენტური იდეების გენერაციას და მის წარდგენას გლობალური კონკურსის - Big Idea Challenge ფარგლებში, რომელიც უკვე სრულად განხორციელდა;

2. „რეალურ ბიზნესპროექტზე მუშაობა“ - რაც გულისხმობს ბიზნესის სექტორთან თანამშრომლობით, რეალური ბიზნესქეისების დამუშავებას და დასმული ამოცანების საპროექტო ინოვაციურ გადაწყვეტას, ბიზნესის სექტორთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთობლივად საკონსულტაციო მუშაობის გზით.

პროექტის აღნიშნული მიმართულება ჯერ არ დასრულებულა, ის ამჟამადაც მუშავდება და პროექტის მეორე ეტაპზე სრულყოფილი სახით განხორციელდება. (პროექტის ეს მიმართულება სტუ-ში განხორციელდება კილის უნივერსიტეტში წარმატებით აპრობირებული „კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა“ (KRISP) ანალოგის სახით, რომელიც დიდ ბრიტანეთშიც საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნესებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის სტიმულირებისა და მხარდასაჭერად შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ამ აქტივობაში ჩართვა ამჟამადაც შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ერთობლივად ანხორციელებენ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური და სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სტუ-ს ინოვაციების ცენტრს (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221; ოთახი N223).

კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში, მოგვწერეთ: innovations@gtu.ge ან დაგვირეკეთ ტელ.: (+995 32) 237 54 34.

 

სიახლეებში დაბრუნება