პროექტი InnoCENS - IAB და PMB სამუშაო შეხვედრები









06/22/2019 მიმდინარე წლის 25-29 ივნისს, Erasmus+ პროგრამის InnoCENS პროექტის (ინოვაციური კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში) ძირითადი გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში, საქართველოში დაგეგმილია პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისა და სახელმწიფოების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს (IAB) და პროექტის მენეჯმენტის საბჭოს (PMB) სამუშაო შეხვედრები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს 25-27 ივნისს თბილისში მანსპინძლობს  პროექტის კოორდინატორი საქართველოში,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხოლო 28-29 ივნისს ბათუმში - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის ვორქშოპები, სემინარები, პრეზენტაციები, საანგარიშო მოხსენებები, დისკუსიები და სასწავლო ვიზიტები, რომლებსაც დაესწრებიან კონსორციუმის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები, სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და, ასევე, მოწვეული სტუმრები, ჯამში შვიდი ქვეყნის 35 მონაწილე.

აღსანიშნავია, რომ პროექტი InnoCENS (Enhacing Innovation Competences and Entrepreneurial Skills in Engineering Education)  წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში.

3-წლიანი პროექტი 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. 
პროექტის კოორდინატორია შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტოკჰოლმში.
პროექტის კონსორციუმის წევრები არიან: უნივერსიტეტები და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ესპანეთიდან, ფინეთიდან სომხეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან, მათ შორის სტუ, ბსუ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
საქართველოში პროექტის კოორდინატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

პროექტის ფარგლებში არაერთი სასწავლო ვიზიტი განხორციელდა კონსპორციუმის წევრ უნივერსიტეტებში, სადაც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ სტუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლები (15 თანამშრომელი).

პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად ჩატარდა „ინოვაციების კონკურსი“, რომლის ფინალში გამარჯვებულიც 2019 წლის სექტემბერში გაემგზავრება ესპანეთის ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და მონაწილეობას მიიღებს პროექტით დაგეგმილ საერთაშორისო კონკურსში.

საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილზე გასული მიიღებს ფულად ჯილდოს და 2019 წლის დეკემბერში გაემგზავრება ნურ-სულტანში (ყაზახეთი) დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც პროექტის დასკვნით  ღონისძიებაზე გაიმართება.

 

სიახლეებში დაბრუნება