დაჯილდოება









06/12/2019 12 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ თურქეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი ფატმა სერენ იაზგანი და ბაშქენთის უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი დერია ჩინი შიმშექი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ფუნდამენტურ კვლევებში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგებისთვის, უცნობი, უნიკალური საარქივო მასალების მოძიებისა და გამოცემისთვის და საქართველოსა და თურქეთს შორის  ისტორიული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობისთვის, თურქეთის ბაშქენთის უნივერსიტეტის დოქტორ დერია ჩინი შიმშექს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი.

დოქტორი, პროფესორი დერია ჩინი შიმშექი დაიბადა ადანაში (თურქეთი). ამჟამად მოღვაწეობს ანკარის ბაშქენთის უნივერსიტეტში. მან მაგისტრატურა დაამთავრა და შემდგომ უკვე სადოქტორო ხარისხი დაიცვა გაზის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (ისტორიის დეპარტამენტი). 

შიმშექის სამაგისტრო ნაშრომი ეხებოდა ლოზანის კონფერენციის თემას თურქულ პრესაში, ხოლო დისერტაცია - სულეიმან სამი დემირელის ცხოვრებასა და პოლიტიკურ მოღვაწეობას.

დოქტორი დერია ჩინი შიმშექის სამეცნიერო ინტერესების სფერო, ძირითადად, მოიცავს თანამედროვე თურქეთის პოლიტიკურ ისტორიას, მათ შორისაა თურქეთის რევოლუციის ისტორია, შედარებითი პოლიტიკა, თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობები, დემოკრატიზაცია, თურქეთის პოლიტიკური განვითარება, პოლიტიკური პარტიები, მედიისა და კომუნიკაციის როლი უახლეს ისტორიაში, და სხვ.

მას აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. ის არაერთი წიგნისა და სამეცნიერო სტატიის ავტორია, ამასთან არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომისა თურქულ-ქართული ურთიერთობების შესახებ. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია „პირველი დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთსა და საქართველოს შორის ეროვნული დაუმორჩილებლობის პერიოდში“, მისი მონოგრაფია „პირველი ქართული წარმომადგენლობა ანკარაში და თურქულ-ქართული ურთიერთობები“.

ეს უკანასკნელი უაღრესად საინტერესო ნაშრომია როგორც სამეცნიერო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, რომელშიც  გამოყენებულია ჩვენთვის უცნობი უნიკალური საარქივო მასალები, თურქული პერიოდიკა და სამეცნიერო  ლიტერატურა, ქემალ ათათურქის, დიმიტრი შალიკაშვილის, კაზიმ-ფაშას, სემიონ ორლოვის და სხვათა მემუარები. ეს განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მით უფრო, რომ ნაშრომი შეეხება ორივე ქვეყნისთვის ძალზე საინტერესო პერიოდს (1918-1921 წწ.).

საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მანამდე მინიჭებული აქვს კიდევ ერთ თურქ ქალბატონს, თურქეთის პრემიერ-მინისტრს თანსუ ჩილერს. ამდენად, პროფესორი დერია ჩინი შიმშექი მეორე თურქი ქალბატონია, რომელსაც ენიჭება სტუ-ს საპატიო დოქტორის ხარისხი.

 

სიახლეებში დაბრუნება