07 აპრ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტით გაიხსნა სკვერი
12 დეკ

ლეონ მახარაძე

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის და “სამთო ტექნოლოგიების“
ყველა სიახლე

ირაკლი გოგუაძე

05/28/2021                                            
 
სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისა და „ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების“ დეპარტამენტის თანამშრომლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ 94 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, სამთო-ინჟინერ მბურღავი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს ენერგეტიკისა და საინჟინრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური, საინფორმაციო ანალიტიკური რეფერირებული ჟურნალი „საქართველოს ნავთობი და გაზის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „ჭაბურღილების ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიის“ მიმართულების პროფესორი ირაკლი გოგუაძე.
ირაკლი გოგუაძე 1926 წლის 30 დეკემბერს დაიბადა ქ. ბათუმში. I საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე „სამრეწველო-სამოქალაქო ელმომარაგების“ სპეციალობით, ხოლო პარალელურად სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე „ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვის“ სპეციალობით, რომელიც 1954 წელს დაამთავრა.
ენერგეტიკის ფაკულტეტზე დაუსწრებელი სწავლების პერიოდში მუშაობდა საკავშირო რადიოქარხნის საამწყობო საამქროში ამწყობ-მემონტაჟედ, ხოლო შემდგომ - საამქროს უფროს ოსტატად.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით მუშაობას იწყებს ტრესტ „საქნავთობის“ ჭალადიდის ნავთობსაძიებო სამმართველოში, ყულევში #7 ჭაბურღილზე მბურღავად, ხოლო შემდგომ ჭაბურღილის უფროსად. შემდეგ გადაყვანილ იქნა დასავლეთ ჭალადიდის #8 ჭაბურღილზე ინჟინრად.
აღსანიშნავია, რომ ჭალადიდში ჩამოსულმა კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს საბურღი სამუშაოების წარმოება და ი. გოგუაძეს შესთავაზეს მუშაობა გაეგრძელებინა სპი-ში, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის #70 კათედრაზე. კათედრაზე მუშაობა დაიწყო ჯერ ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად.
სპი-ში იგი პარალელურად მუშაობს ადმინისტრაციულ თანამდებობებზე - მეთოდისტად დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტზე. მალე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და გახდა დოცენტი. ამის შემდგომ დანიშნეს დეკანის მოადგილედ, შემდეგ - პრორექტორად.
1987 წლიდან 2003 წლის ჩათვლით პროფ. ი. გოგუაძე იყო „ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების“ კათედრის გამგე.
პროფ. ი. გოგუაძემ ჩამოაყალიბა ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვის ინოვაციური ტექნიკისა და ტექნოლოგიების ცენტრი. 2000 წლიდან მისი რედაქტორობით გამოდის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ, საინფორმაციო ანალიტიკური რეფერირებული ჟურნალი „საქართველოს ნავთობი და გაზი“. პროფ. ი. გოგუაძე იყო ავტორი 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის, 7 სახელმძღვანელოს, 2 დამხმარე სახელმძღვანელოს, 3 მონოგრაფიისა და 8 მეთოდური მითითებისა. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. სხვადასხვა დროს ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც. იყო სს საქართველოს ეროვნული კომპანია „საქნავთობის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
ი. გოგუაძის მიერ განვლილი გზა, გაწეული საქმიანობა, თავდადებული შრომა, ენთუზიაზმი, დიდი პასუხისმგებლობა, უშუალო პირდაპირობა და პატიოსნება მისი საუკეთესო თვისებები იყო და მისაბაძი მაგალითი ახალგაზრდა თაობებისათვის. მისი გარდაცვალება, მართლაც რომ, განსაკუთრებული დანაკლისია.
სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის თანამშრომლები და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ბატონ ირაკლი გოგუაძის გარდაცვალების გამო. მისი სახით საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაკარგა პროფესიონალი, შრომისმოყვარე და გულისხმიერი თანამშრომელი.

 

სიახლეებში დაბრუნება