კონფერენცია მილანის უნივერსიტეტში

05/29/2018 29 მაისს მილანის უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის  აღსანიშნავად საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს უძველესი ღვინის კულტურა: დამოუკიდებლობის აღდგენიდან ერთი საუკუნის შემდეგ“ გაიმართა. კონფერენცია საქართველოს საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და მილანის უნივერსიტეტის ხელშეწყობით ჩატარდა. კონფერენციის მიზანს საუნივერსიტეტო სივრცეში საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის და ქართული ღვინის გაცნობა წარმოადგენდა.
საქართველოს დელეგაციას საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ანდრიაძე ხელმძღვანელობდა. კონფერენციას უძღვებოდა იტალიური ღვინის საზოგადოების წევრი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი და ენოლოგი ანტონიო ტირელი. მილანის უნივერსიტეტის აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად  კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვინის ლაბორატორიის, იტალიური ღვინის საზოგადოების  წარმომადგენლებმა, სომელიეებმა  და სტუდენტებმა მიიღეს. მათ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე მევენახეობა-მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიება  საქართველოს საპატიო კონსულმა იტალიაში, საქართველოს და იტალიის სამეფო გვარების წარმომადგენელმა  პრინცმა ლელიო-ნიკოლოზ ორსინი დ'არაგონმა გახსნა. მილანის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ   უნივერისტეტს შორის  2017 წელს  გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც 2018 წლის სასწავლო წლიდან, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული, მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო ერთობლივი ორმაგდიპლომიანი პროგრამა დაიწყება.




 

სიახლეებში დაბრუნება