პროექტის „VitaGLOBAL“ მორიგი შეხვედრა გაიმართა

04/13/2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამეტის უფროსმა - ნინო ჩხარტიშვილმა და ამავე ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ საჩანელმა 2-9 აპრილს ჰუიოს უნივერსიტეტში (სამხრეთ ამერიკა, არგენტინა) გამართულ პროექტის „ვიტა გლობალი“ მორიგ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

ვიზიტი მიზნად ისახავდა სასწავლო კურსების მიმართულებით აკადემიური თანამშრომლობის გაგრძელებას და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი ეკონომიკური მრგვალი მაგიდის მოწყობას.

შეხვედრაზე უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის მიერ მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებისთვის შემუშავებულ სასწავლო კურსებზე და მათ შემდგომ განვითარებაზე იმსჯელეს. ასევე ისაუბრეს მევენახეობა-მეღვინეობის საგანმანათლებლო პროცესში დარგის კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2018 წლიდან მონაწილეობს ერასმუს + პროექტში „ვიტა გლობალი - აგრარულ მეცნიერებებსა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გლობალური ქსელის შექმნა: ინტერაციონალიზაცია ერთობლივი პროგრამების მეშვეობით (598507EEP-1-2018-ES-EPPKA2-CBHE-JP).

პროექტის კონსორციუმი შედგება 17 ინსტიტუტისგან, მათ შორის 6 ინსტიტუტი წარმოადგენს ევროკავშირის ქვეყნებს (ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია), 7 - ლათინურ ამერიკას (არგენტინა, ჩილე, ურუგვაი) და 2 - სამხრეთ აფრიკას. საქართველოდან მონაწილეობას იღებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც ამავდროულად წარმოადგენენ პროექტის ადგილობრივ კოორდინატორებს საქართველოში.

პროექტის კოორდინატორია ესპანეთის როვირა ვირხილის უნივერსიტეტი (URV). პროექტის VitaGLOBAL-ის მიზანია გლობალური საუნივერსიტეტო ქსელის განვითარება, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონებს ადრე არსებული შეზღუდული თანამშრომლობით, რათა გააძლიეროს სასწავლო პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ადგილობრივ განვითარებას.

პროექტის ფარგლებში გაიმართა ღვინის კანონმდებლობისა და ეკონომიკის საერთაშორისო კონფერენციაც.

პროექტი დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოს.


 

სიახლეებში დაბრუნება