სტუ-ის პროფესორები კავკასიის ღვინის კულტურული მარშრუტის პირველ საერთაშორისო ასამბლეას დაესწრნენ

01/29/2020

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების  და ბიოსისტემების ინჟინერინგისა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების პროფესორები ნინო ჩხარტიშვილი და თამარ ქობლიანიძე აზერბაიჯანის დედაქალაქში,  ბაქოში გამართულ კავკასიის ღვინის მარშრუტის პირველ გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ. 

ქართველი პროფესორები ასამბლეაზე, რომელიც წელს 27 იანვარს გაიმართა,  ევროპული ღვინის კულტურული მარშრუტების ევროპული ასოციაციის “ITER VITIS”  და აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს მიწვევით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. 

ნინო ჩხარტიშვილის ინფორმაციით,  ასამბლეაზე  კავკასიის ქვეყნების ღვინის მარშრუტისათვის 2020 წლის სამოქმედო გეგმა და საქმიანობის მიმართულებები განისაზღვრა. 

მისივე თქმით, საერთაშორისო პლატფორმებზე მარშრუტის გაუმჯობესებისა და ქვეყნებს შორის კულტურული და ტურისტული გაცვლის ხელშესაწყობის მიზნით,   წევრი სახელმწიფოები 2020 წლის მთელ რიგ ღონისძიებებში  მონაწილეობას მიიღებენ. 

პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ გამოცდილების გაზიარების მიზნით მარშრუტის მონაწილე ქვეყნების ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები ღვინის წარმოების და ღვინის ტურიზმის განვითარების შესახებ  ტრენინგებს ჩაატარებენ. 

მისივე ინფორმაციით, ღვინისა და ვაზის მოყვარული ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები მოინახულებენ ვენახებს, დაათვალიერებენ ღვინის საწარმოებს და გაეცნობიან ისეთი ქვეყნების მევენახეობა-მეღვინეობის კულტურას, როგორიცაა საფრანგეთი, ხორვატია, ისრაელი, ესპანეთი, პორტუგალია და საქართველო. 

მარშრუტის მიზანია ღვინის კულტურასთან ერთად ქვეყნების ისტორიისა და ტრადიციების გაცნობა. 

ღონისძიების ფარგლებში ევროპის ვაზისა და ღვინის კულტურული მარშრუტის პრეზიდენტმა ემანუელა პანკემ და გასტრონომიის, კულტურისა და ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტმა  დიანა დოდიმ ღვინის  ტურიზმის განვითარების საკითხებზე ვორკშოპები ჩაატარეს. 

გარდა ამისა, ბაქოს შეხვედრაზე  საუბარი შეეხო ITER VITIS-ის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფრო მეტად დაახლოებას სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში. 

აზერბაიჯანში ვიზიტის წინ,  25 იანვარს,  ღვინის ევროპული ასოციაციის ITER VITIS-ის პრეზიდენტი ემანუელა პანკე საქართველოს ესტუმრა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს  ლევან ხარატიშვილს შეხვდა.  

ამავე შეხვედრას ასევე, სიცილიაში ITER VITIS -ის ერთ კვირიან სტაჟირებაზე მყოფი საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტები და „ასოციაცია ITER VITIS Georgia-Caucasus“–ის დამფუძნებლები თამარ ქობლიანიძე, მაია მელაძე, გოჩა ხორავა, ნინო ჩხარტიშვილი და ლელა კოჭლამაზაშვილი დაესწრნენ. 

"ღვინის ევროპული მარშრუტი, რომელშიც საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს საპატიო ადგილი უკავია, უკვე 2017 წლიდან არის ცნობილი. მისი მიზანია, დაიცვას ღვინის ბიომრავალფეროვნება, გაუსვას ხაზი მის უნიკალურობას დღევანდელ გლობალურ სამყაროში, ხელი შეუწყოს ღვინის მატერიალური და არამატერიალური კულტურის განვითარებას, ქართული ღვინის ისტორია ITER-VITIS მარშრუტში წარმოდგენილია როგორც ვენახებით, მეღვინეობითა და ღვინის ქარხნებით, ასევე ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობით, როგორიცაა ეკლესია-მონასტრები, მუზეუმები თუ არქეოლოგიური ძეგლები" - განაცხადა  მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა. 

Itter Vitis ღვინის მარშრუტი 19 ქვეყანაზე მეტს აერთიანებს. მათ შორისაა საქართველო, რომელსაც ღვინის ტურიზმის ასოციაცია წარმოადგენს. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 22-23 ივნისს, ITER-VITIS-ის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრის ორგანიზებითა და ღვინის ინდუსტრიის კერძო სექტორის წარმომადგენლის - ღვინის კომპანია “ხარებას” ფინანსური მხარდაჭერით ქართველმა სტუდენტებმა იტალიის მეღვინეობის კერებზე სტაჟირება გაიარეს.  რაც კვლავ გაგრძელდება. 

ახლო მომავალში იგეგმება საქართველოში Iter Vitis-ის ქსელის გაფართოება. სწორედ ამ მიზნით,  იქმნება „ასოციაცია ITER VITIS Georgia-Caucasus“.



 

სიახლეებში დაბრუნება