მემორანდუმი თელასთან

06/13/2018

„თელასმა“ და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

 

2018 წლის 12 ივნის კომპანია „თელასსა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერს უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების დარგში; ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ კომპანიას შესაბამისი სპეციალისტებით; „თელასის“ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას; ახალი ტექნოლოგიების, სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების დანერგვას. „თელასის“ გენერალური დირექტორის სერგეი კობცევის განცხადებით, ეს მემორანდუმი კომპანიასა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია.

 

სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა ყურადღება გაამახვილა ერთობლივი პოლიგონის გაკეთებაზე, რომელიც მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსების გამოშვებას უზრუნველყოფს. ჩვენ უახლოეს პერიოდში ერთად დავიწყებთ ამ პოლიგონის მშენებლობას“, - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

 

„თელასსა“ და სტუ-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას პირველად ხელი 2006 წლის მაისში მოეწერა. ხელშეკრულების ფარგლებში, სტუ-ს ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლეოდათ სტაჟირება გაევლოთ „თელასში“, ხოლო წარმატებულ სტუდენტებს კომპანია სამსახურით უზრუნველყოფდა. „თელასის“ ფინანსური მხარდაჭერით, 2010 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტროენერგეტიკული სექტორის სპეციალისტების მოსამზადებელი თანამედროვე სასწავლო ცენტრი გაიხსნა. ცენტრის ფუნქციონირების შედეგად, სტუ-ს ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები გადიან მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებთან მუშაობის პრაქტიკულ მომზადებას, ხოლო „თელასის“ და საქართველოში მოქმედი სხვა ენერგოკომპანიების ტექნიკური პერსონალი გადის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების კურსს.



 

 


 

სიახლეებში დაბრუნება