ვაჟა-ფშაველა - 162

07/18/2023


ვაჟა-ფშაველა ქართული პოეზიის დიდი სახელია. მან სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისთანავე მიიპყრო ყურადღება იმით, რომ ამირანულად შეაბიჯა ქართული პოეზიის საუფლოში, კერპების მსხვრევით და ზავთიანი ხმიანობით. პოეტური ენით გადმოუშალა მკითხველს ძველი, ისტორიამდელი საქართველოს ყოფა, ეროვნული სული და ქართული მენტალობა.

ვაჟას პოეტური სამყაროს არეალი, ერთი შეხედვით, პატარაა − მთიანეთით შემოისაზღვრა, მისი გმირები მთის შვილები არიან, აქ მთაში მიედინება მათი ცხოვრება, მაგრამ მათი კულტურული და მოქალაქეობრივი ცნობიერება გასაოცრად მასშტაბურია და გამაოგნებლად წვდება მთელ სამყაროს, ისინი გონების თვალით აღიქვამენ და უზუსტესად განარჩევენ, აფასებენ სიკეთესა თუ ბოროტებას, მსახურებენ ჰუმანიზმსა და კაცთმოყვარეობას.

მისი პერსონაჟები ყოველთვის ახერხებენ ამაღლებას ყოფითობაზე, ცხოვრებისეულ წვრილმანებზე, საკუთარ მისწრაფებებზე და კაცობრიობის ნათელ იდეალებს ერთგულობენ. ამის გამო ცხოვრების პრაგმატიკასთან ჭიდილში მარცხდებიან, მაგრამ ზნეობრივად ყოველთვის გამარჯვებულნი რჩებიან, რადგან ფშავ-ხევსურეთის გადმოსახედიდან მისი გმირები მთელი სამყაროს საფიქრალს ეხმიანებიან და მარადიული საკაცობრიო ღირებულებების სასწაულებრივი ერთგულებით გამოირჩევიან. ისინი სამშობლოს სიყვარულს საერთო-საკაცობრიო ღირებულებებს უტოლებენ და იცნობიერებენ. ამიტომ არის ვაჟა ერთდროულად დიდი პატრიოტი და დიდი ინტერნაციონალისტი. ამით ცხადყო ვაჟამ, რომ იგი დიდი ჰუმანისტი მოაზროვნეა და ისიც, რომ ეს ყველაფერი მისი მშობელი ერის კულტურის პოეზიის ენით გადმოშლა-გადმომზეურებაა.

ვაჟას ყოველი საიუბილეო თარიღი, მისი სახელის ყოველი ხსენება ქართველი ერის დიდი ზეიმია, იგი კიდევ მეტად იხმიანებდა რომელიმე თანამედროვე ჰეგემონი ქვეყნის შვილი რომ იყოს.

პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი


 

სიახლეებში დაბრუნება