სტუ-ში კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიებები ცნობილი ჯაზმენის - რაულ გუტიერეს ვილანუევას კონცერტით გაიხსნა

06/19/2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2022-2023 აკადემიური წლის კურსდამთავრებულთა გაცილებას მასშტაბურ ღონისძიებათა ციკლით გეგმავს, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ლათინოამერიკელი ჯაზ-მუსიკოსისა და პროდიუსერის, რაულ გუტიერეს ვილანუევას (Raúl Gutiérrez Villanueva) კონცერტით გაიხსნა.

პირველად საქართველოში, აფროკუბური მუსიკისა და ჯაზის ცნობილმა შემსრულებელმა, საქსოფონისტმა და პროდიუსერმა, ლეგენდარული პროექტის - Buena Vista Social Club-ის წევრმა, მაესტრო რაულ გუტიერეს ვილანუევამ, კუბელმა მომღერალმა ადა მარონ პერესმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იოსებ ტუღუშის სახელობის განთქმულმა ორკესტრმა - „გეპეის ჯაზი“ - ერთობლივი კონცერტი გამართეს. „გეპეის ჯაზი“, მაესტრო ირაკლი კალმახელიძის ხელმძღვანელობით, მაყურებლის წინაშე საუნივერსიტეტო ორკესტრის ძველი და ახალი თაობის მუსიკოსთა მონაწილეობით წარსდგა.

ცნობილი ჯაზმენის საქართველოში ვიზიტისა და კონცერტის ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუ-ის განვითარების ფონდი, პროდიუსერი ჭაბუკა ამირანაშვილი და კომპანია - „კოლხი მედია“, დიდ მონაცემთა გერმანულ საერთაშორისო კომპანიასთან - CuGate AG (გერმანია) პარტნიორობით.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიებათა ციკლის გახსნას სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები, ასევე, CuGate AG-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მემო რაინი (H. Memo Rhein) და პროდიუსერი ჭაბუკა ამირანაშვილი ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა სტუდენტებს, კოლეგებსა და მიწვეულ სტუმრებს მიმართა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი სასწავლო წელს შთამბეჭდავი შედეგებით ასრულებს.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე აკადემიური წლის კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიებების ციკლს გახსნილად ვაცხადებთ. ივლისის ბოლომდე უნივერსიტეტში რამდენიმე სხვადასხვა ფორმატის მასშტაბური ღონისძიება გაიმართება, რომლებსაც ჩვენს იმ სტუდენტებს - ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ვუძღვნით, რომლებიც წელს, ივლისის ბოლოს ამთავრებენ უნივერსიტეტს. ღრმად ვართ დარწმუნებული, ისინი არასოდეს გაწყვეტენ კავშირს თავიანთ ალმა-მატერთან. სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტის ისტორიაში მორიგი, 101-ე სასწავლო წელი მრავალმხრივ ნაყოფიერი აღმოჩნდა და ის შთამბეჭდავი შედეგებით სრულდება, რასაც ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს, სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, თანამშრომლებს. ეს პანდემიის შემდგომი პირველი სასწავლო წელია, როცა ჩვენ აუდიტორიებში შევძელით სასწავლო პროცესის განახლება. ახალგაზრდული ენერგიის აუდიტორიებში დაბრუნება ჩვენთვის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და პედაგოგებისთვის, უაღრესად სასიხარულო მოვლენა იყო, რამაც ძლიერი ბიძგი მისცა და საფუძველიც გახდა მთელი რიგი საუნივერსიტეტო წარმატებებისა. წინსვლას ვუსურვებთ ახალგაზრდებს ახალ ასპარეზზე, სამეცნიერო საქმიანობასა და ქვეყნისთვის სასარგებლო შრომაში. ცოდნა ძალაა - ისწავლეთ, იშრომეთ თქვენი მომავლისთვის, საქართველოს განვითარებისთვის და ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენს გვერდით თქვენი უნივერსიტეტია!“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

აფროკუბური მუსიკისა და ჯაზის ცნობილმა შემსრულებელმა და პროდიუსერმა, რაულ გუტიერეს ვილანუევამ, რომელიც კუბელ მომღერალ ადა მარონ პერესთან ერთად, საქართველოს პირველად ესტუმრა, აღნიშნა, რომ მისთვის სტუ-ის იოსებ ტუღუშის სახელობის ორკესტრთან - „გეპეის ჯაზი“, ერთობლივი კონცერტის ჩატარება დიდი პატივია.

„ჩვენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯაზ-ბენდთან ერთად, შევასრულეთ კუბური მუსიკა. მაყურებლის წინაშე წარმოვადგინეთ 5 მნიშვნელოვანი კომპოზიცია ჩვენი რეპერტუარიდან და ის მთელი გულით მივუძღვენით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წლევანდელ კურსდამთავრებულებს. მჯერა, მსმენელმა იგრძნო, თუ როგორი მრავალფეროვანია კუბური რიტმები და აფროკუბური ჯაზი. საქართველოში პირველად ვარ და მიუხედავად ამისა, თავს ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. აღფრთოვანებული ვარ დიდი ისტორიის მქონე „გეპეის ჯაზით“, ჩვენ მიმართ გამოხატული სითბოთი და საუნივერსიტეტო გარემოთი. სტუმართმოყვარეობით ქართველები ძალიან ჰგვანან ლათინოამერიკელებს. წარმატებები ამ უნივერსიტეტს!“, - თქვა რაულ გუტიერეს ვილანუევამ.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში, ცნობილმა ჯაზ-საქსოფონისტმა და პროდიუსერმა, რაულ გუტიერეს ვილანუევამ სტუ-ის ჯაზ-ორკესტრისა და საუნივერსიტეტო ბენდებისთვის მასტერკლასი ჩაატარა, რომელზეც დასწრება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიწვევით, თავისუფალი იყო საქართველოში აკრედიტებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის ბენდისა და ორკესტრისთვის, ასევე, საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი დაინტერესებული მუსიკოს-შემსრულებლისთვის.

„ამ შესანიშნავი, მართლაც დაუვიწყარი კონცერტის მხარდაჭერისა და ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდით პროდიუსერ ჭაბუკა ამირანაშვილს და „კოლხი მედიას", ასევე, ჩვენს პარტნიორს, გერმანულ საერთაშორისო კომპანია CuGate AG-ის და მის დამფუძნებელ მემო რაისს, ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და უნივერსიტეტის განვითარების ფონდს. კონცერტი, რომელიც ღია საუნივერსიტეტო სივრცეში გაიმართა, ეძღვნება ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ხდება, და არა მხოლოდ მათ - უნივერსიტეტის ყველა იმ სტუდენტს, პროფესორ-მასწავლებელსა და თანამშრომელს, ვისაც უყვარს ჯაზური მუსიკა. ციკლური ღონისძიებები დაიწყო და ჩვენს წლევანდელ კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს ივლისის ბოლომდე არაერთი სიურპრიზი ელით. აღსანიშნავია, რომ კუბელი მომღერალი ადა მარონ პერესი გარკვეული დროით საქართველოჩი რჩება. ის, როგორც მუსიკოსი და მუსიკის მკვლევარი, დაინტერესებულია ქართული მუსიკით და ამჟამად, მუშაობს პროექტზე, რომელიც აფროკუბური და ქართული ეთნორიტმების შერწყმის შესაძლებლობებს იკვლევს. პარალელურად, ადა მარონ პერესი ჩვენს უნივერსიტეტში ქართულ ენას შეისწავლის და „გეპეის ჯაზთან“ ითანამშრომლებს“, - აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.

აფროკუბური მუსიკისა და ჯაზის ცნობილი შემსრულებელი, პროდიუსერი, რაულ გუტიერეს ვილანუევა, ადა მარონ პერესთან ერთად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 12 ივნისს ეწვია. რაულ გუტიერეს ვილანუევა საქართველოდან 18 ივნისს გაემგზავრა.

https://www.youtube.com/watch?v=fPP_1oPIi7I

https://www.youtube.com/watch?v=QYgGONDLZvc




 

სიახლეებში დაბრუნება