სტუ-ში კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიებები ცნობილი ჯაზმენის - რაულ გუტიერეს ვილანუევას კონცერტით გაიხსნება

06/16/2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2022-2023 აკადემიური წლის კურსდამთავრებულთა - ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების გაცილებას მასშტაბური ციკლური ღონისძიებებით გეგმავს.  

კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიებები უნივერსიტეტში, სულ მალე დაუვიწყარი კონცერტით გაიხსნება.

პირველად საქართველოში, ცნობილი ლათინოამერიკელი ჯაზ-მუსიკოსი და პროდიუსერი, ლეგენდარული პროექტის - Buena Vista Social Club-ის წევრი რაულ გუტიერეს ვილანუევა, კუბელი მომღერალი ადა მარონ პერესი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იოსებ ტუღუშის სახელობის განთქმული ორკესტრი - „გეპეის ჯაზი“, მაესტრო ირაკლი კალმახელიძის ხელმძღვანელობით და საუნივერსიტეტო ორკესტრის ძველი და ახალი თაობის მუსიკოსთა მონაწილეობით, შაბათს, 17 ივნისს, 18:00 საათზე, ერთობლივ კონცერტს გამართავენ.

კონცერტი ღია ცის ქვეშ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე სივრცეში გაიმართება.

აფროკუბური მუსიკისა და ჯაზის ცნობილი შემსრულებლის, რაულ გუტიერეს ვილანუევას საქართველოში ვიზიტის, მასტერკლასისა და კონცერტის ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროდიუსერი ჭაბუკა ამირანაშვილი და კომპანია - „კოლხი მედია", დიდ მონაცემთა კომპანიასთან - CuGate AG (გერმანია) პარტნიორობით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კონცერტზე იწვევს ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც წელს სტუ-ის კურსდამთავრებული ხდება, და არა მხოლოდ მათ - უნივერსიტეტის ყველა იმ სტუდენტს, პროფესორ-მასწავლებელს, თანამშრომელს, ვისაც უყვარს ჯაზი, ასევე, მუსიკოსებს, შემსრულებლებს და მუსიკის მოყვარულებს.

იმავე დღეს, კონცერტის დაწყებამდე, რაულ გუტიერეს ვილანუევა „გეპეის ჯაზისთვის“ მასტერკლასს გამართავს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასტერკლასზე იწვევს ყველა ქართული უნივერსიტეტის ბენდსა და ორკესტრს, ასევე, საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ მუსიკოს-შემსრულებელს.

დავაზუსტებთ: რაულ გუტიერეს ვილანუევას მასტერკლასი ჩატარდება 17 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, მე-3 სართულზე, ივანე ჯავახიშვილის დარბაზში, მისამართი: მერაბ კოსტავას 77, სააკაძის მოედნის მიმდებარედ.

ამჟამად მექსიკაში მცხოვრები რაულ გუტიერეს ვილანუევა (Raúl Gutiérrez Villanueva), კუბელ მომღერალ ადა მარონ პერესთან ერთად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 12 ივნისს ეწვია. რაულ გუტიერეს ვილანუევა საქართველოდან 18 ივნისს გაემგზავრება.




 

სიახლეებში დაბრუნება