სტუ-ის სტუდენტები ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას

06/07/2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურის - ბაკალავრი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა -სტუდენტებს, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმოამდგენელმა, 2023/2024 აკადემიური წლის ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამა გააცნო. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ნატო ქათამაძე, ფაკულტეტების დეკანები, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები. ასევე, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობის განვითარების კოორდინატორითეონა რობაქიძე.

როგორც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ნატო ქათამაძე აცხადებს, საქართველო ერთ-ერთია ჩეხეთის რესპუბლიკის 6 პარტნიორი ქვეყნიდან, რომელთა სტუდენტებსაც ჩეხურ საჯარო უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ. 

„ჩეხეთის განათლების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ყოველწლიურად მონაწილეობენ ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამაში. აღსანიშნავია, რომ მაგალითად, 2021 წელს გამარჯვებული 30 სტიპენდიანტიდან, ტექნიკური უნივერსიტეტიდან 10-მდე სტუდენტი იყო. შარშან კი 20 გამარჯვებულიდან - ოთხი. ამ პროგრამამ წელსაც დიდი დაინტერესება გამოიწვია სტუდენტებს შორის და იმედი მაქვს გამარჯვებულებს შორის უმეტესობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იქნება,“ - აცხადებს ნატო ქათამაძე. 

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობის განვითარების კოორდინატორისთეონა რობაქიძის განცხადებით, 2023/2024 სასწავლო წლისთვის ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს შეუძლიათ. საელჩო პროექტში მონაწილეთაგან 25 საუკეთესოს შეარჩევს. 

„ერთი მხრივ, სტუდენტებისთვის ეს არის მაღალი ხარისხის ცოდნის მიღებისა და უნარ-ჩვევების დახვეწის საშულება, მეორე მხრივ კი ჩეხეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი, ეკონომიკური და ინსტიტუციური კონტექსტის უკეთ გაცნობის საშუალება. 1950-იან წლებში პროგრამის დაწყებიდან დღემდე 20 000 უცხოელმა სტუდენტმა მიიღო განათლება ჩეხურ უნივერსიტეტბში ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამის დახმარებით.მრავალფეროვანია პროგრამების სპექტრი და მოიცავს ისეთ პროფესიებს, როგორიცაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), ეკონომიკურ მონაცემთა ანალიზი, ფინანსები, ინჟინერია, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის განვითარება. ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამა სწავლების შემდეგ ეტაპებს ფარავს: სამაგისტრო პროგრამა ჩეხურ ენაზე და ჩეხურ ენაში მოსამზადებელი ერთწლიანი კურსი, რომელიც პროფესიულიგანვითარების კურსებთანაა კომბინირებული; სამაგისტრო პროგრამები ინგლისურ ენაზე; სადოქტორო პროგრამები (ძირითადად ინგლისურ ენაზე); სტიპენდია ფარავს ჩეხეთში სწავლასა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს“, - აცხადებს თეონა რობაქიძე.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის მთავრობის პროგრამის საქართველოში დაწყების დღიდან ჩეხურ უნივერსიტეტებში განათლება უკვე 100-მდე ქართველმა მიიღო.


 

სიახლეებში დაბრუნება