სტუ-ში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

06/02/2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციამ, 100-წლოვანი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში „საზოგადოებრივი გამოცდილებით“ შესულ საქართველოს ქალთა საბჭოსთან თანამშრომლობით,  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნად, სტუ-ის თეატრ-სტუდიაში -  "მოდინახე", ღონისძიება გამართა.

საქართველოს ე.წ. საზღვრისპირა რეგიონში მცხოვრებ, ასევე,  აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ სპექტაკლს „ცისკარა“, რომლის რეჟისორი სტუ-ის თეატრ-სტუდიის-  „მოდინახე“, სამხატვრო ხელმძღვანელი ნუგზარ ბუცხრიკიძეა.

სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უნივერსიტეტი და მასთან არსებული ქალთა ასოციაცია, ქალთა საბჭოსთან თანამშრომლობით, ყოველწლიურად აღნიშნავს. რექტორის განცხადებით, სხვადასხვა დროს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა როგორც აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ ბავშვებს, ასევე უკრაინიდან ლტოლვილებს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ღონისძიებებში ასევე ჩართლია უნივერსიტეტის თანამშრომელთა არასრულწლოვანი შვილები.

„დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს საქართველოს ე.წ. საზღვრისპირა რეგიონების სხვადასხვა სოფლის სკოლების მოსწავლეებს, ასევე, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ ბავშვებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციამ საქართველოს ქალთა საბჭოსთან ერთად, ბავშვები თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სპექტაკლზე - „ცისკარა“ მოიწვიეს. ეს ერთგვარად სიმბოლურიცაა, სკოლის მოსწავლეების წინაშე მოყვარული მსახიობები, სტუდენტები წარსდგებიან და ბავშვებს ერთ ბედნიერ დღეს აჩუქებენ. აქვე აღვნიშნავ, რომ ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი ორდღიანია და ხვალ, 150-ზე მეტ ბავშვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკში უმასპინძლებს. მთელი გულით ვუსურვებთ ჩვენს სტუმრებს, მალე მშობლიურ მხარეში დაბრუნება აღენიშნოთ და მომავალ თაობებს არასოდეს ენახოთ ომი“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა.

სტუ-ის ქალთა ასოციაცია, მთელი წლის განმავლობაში დევნილი და ლტოლვილი ბავშვებისთვის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს.

„ჩვენი ორგანიზაცია მთელი წლის განმავლობაში ატარებს ღონისძიებებს ბავშვებისთვის. ტრადიციებს არ ვღალატობთ და დღესაც ვეცადეთ, თბილი შეხვედრა გაგვემართა დევნილი ბავშვებისთვის. წელს 150-მდე ბავშვი მოვიწვიეთ, მათთვის სპეციალური გასართობი პროგრამა ავაწყვეთ, ბავშვებისთვის სამახსოვრო საჩუქრები მოვამზადეთ, რომელიც ბავშვებმა სიხარულით მიიღეს. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ღონისძიებაში მონაწილე თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ რეჟისორს, სპექტაკლში მონაწილე სტუდენტებს, რომლებმაც ბავშვებს შესანიშნავი სპექტაკლი აჩვენეს. მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის მიმართ - ქალთა ასოციაციის მხარდაჭერისთვის. აქვე აღვნიშნავ, რომ სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა, ბავშვებს ძალიან მოეწონათ, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა“, - განაცხადა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნაზი კუციავამ.

2 ივნისს მუშთაიდის კულტურისა და დასვენების პარკში, საქართველოს ქალთა საბჭოსა და სტუ-ის ქალთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები და ასევე, დევნილი ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართება.


 

სიახლეებში დაბრუნება