რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-8 სხდომა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის უშუალო ჩართულობით გაიმართა

05/26/2023


საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მერვე სხდომა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის უშუალო ჩართულობითა და ხელმძღვანელობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

სხდომას, რომელსაც რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე წარმართავდა, ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები - ნოდარ პაპუკაშვილი და თამარ მახარაშვილი, თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და სხვა წარმომადგენლები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, უნივერსიტეტების რექტორებთან ერთად, რამდენიმე ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელა, როგორიცაა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა; ერთობლივი და ორმაგი ხარისხის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების წახალისება; უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილება; უცხოელი სტუდენტების მოზიდვის ღონისძიებებისა და ჩარიცხვის პროცედურების დახვეწა; უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების დივერსიფიცირება; დისტანციური სწავლება და სხვ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ფორმატის ფარგლებში შეხვედრები ყველა ავტორიზებულ საჯარო თუ კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, რათა რექტორებთან ერთად აქტუალური თუ პრობლემური საკითხების დროული გახილვა და შედეგად, ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღება მოხდეს.  

შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სიმბოლოებისა და ატრიბუტიკის შესახებ, დასასრულს კი, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სამდივნოს უფროსი და რეფერენტი აირჩიეს.

მინისტრის ინიციატივითა და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის გადაწყვეტილებით, მორიგი შეხვედრა ქუთაისში გაიმართება.

https://www.youtube.com/watch?v=BiEDOOarYzw

https://www.youtube.com/watch?v=Is4teBQUGm0&embeds_referring_euri=https%3A%2F%2Fgtu.ge%2F&am...





 

სიახლეებში დაბრუნება