სტუ-ში ლიეტუველი კოლეგები შემოქმედებითი პროგრამით წარსდგნენ

03/31/2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა, ვილნიუსის კოლეგიის პროფესორმა ვიდას კავალიუსკასმა და საუნივერსიტეტო საზოგადოებამ ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანდრიუს კალინდრასა და ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კაპელას უმასპინძლეს.

ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კაპელა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის დარბაზში, საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე, 45-წუთიანი საკონცერტო პროგრამით წარსდგა. აღსანიშნავია, რომ საკონცერტო პროგრამის დასასრულს, ვილნიუსის უნივერსიტეტის კაპელამ ქართულ ენაზე „ციცინათელა“ შეასრულა. კონცერტმა მაყურებელთა დიდი ოვაცია დაიმსახურა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს, ანდრიუს კალინდრასა და ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შესანიშნავი კონცერტისთვის, ასევე, იმ მეგობრობისა და აკადემიური თუ სამეცნიერო კოლაბორაციისთვის, რაც წლებია სტუ-სა და ლიეტუვის წამყვან უნივერსიტეტებს ერთმანეთთან აკავშირებთ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი ჯგუფები კარგად არის ცნობილი ჩვენს ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთ. მათ შორისაა ვაჟ სტუდენტთა სახალხო საუნივერსიტეტო კაპელა, რომელიც კარგად ორგანიზებული და გამორჩეულია თავისი რეპერტუარით. მაგრამ უნივერსიტეტის თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდი მსგავსად მაღალკვალიფიციური შესრულებით, მართლაც რომ კეთილ შურს იწვევს. აღფროვანებული ვართ ჩვენი ლიეტუველი კოლეგების გამოსვლით, რომელთაც ქართველ ხალხთან პატივისცემისა და მეგობრობის გამოხატულების ნიშნად, ფინალურ ნომრად საყოველთაოდ ცნობილი „ციცინათელა“ შეარჩიეს და ქართულ ენაზე შეასრულეს. დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ელჩსა და ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შესანიშნავი საღამოსთვის, ჩვენს უნივერსიტეტთან მრავალწლიანი მეგობრობისა და კოლაბორაციისთვის, როგორც აკადემიური, ასევე, სამეციერო მიმართულებით და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ორივე ქვეყანას - საქართველოსა და ლიეტუვას“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და საუნივერსიტეტო საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართა და მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზებისა და თბილი მიღებისთვის. ელჩმა, ასევე, ორ უნივერსიტეტს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. 


„მინდა აღვნიშნო ლიეტუვისა და საქართველოს მეგობრობა, როგორც ხალხებს შორის ურთიერთობის საუკეთესო მაგალითი. ლიეტუვის უნივერსიტეტების საგანმანათლებლო და სამეცნიერო კოლაბორაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან უაღლესად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. ამ მეგობრობისა და კეთილგანწყობის თვალნათელი გამოხატულება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართული ღონისძიებაა. მადლობას ვუხდი ღონისძიების მონაწილეებს, ორი ქვეყნის ორ უნივერსიტეტს და ყველას, ვინც ეს თბილი საღამო გვაჩუქა“, - აღნიშნა საქართველოში ლიეტუვის რეპუბლიკის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ.

საღამოს დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა და ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მიერ ცნობილი მწერლისა და ჰუმანისტის, ნოდარ დუმბაძის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლის - „მე ვხედავ მზეს“ - პრემიერაზე მიიწვია. სპექტაკლმა, რომელშიც, ძირითადად, საქართველოს ტექქნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები მონაწილეობენ, სრული ანშლაგით ჩაიარა. 


 

სიახლეებში დაბრუნება