სტუ-ის საინჟინრო-ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მიმართულების საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭომ კვალიფიკაცია 53 დოქტორანტს მიანიჭა

03/31/2023


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მიმდინარე წლის 27-28 მარტს, საინჟინრო-ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მიმართულების საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომელმაც სტუ-ის შესაბამის ფაკულტეტებზე, 2022-2023 სასწავლო წელს, საჯარო დაცვაზე განხილული სადისერტაციო ნაშრომების ავტორებისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ იმსჯელა.

სხდომას, რომელსაც საინჟინრო-ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მიმართულების სადოქტორო პროგრამების სტუდენტები, მათი ხელმძღვანელები, საჯარო დაცვის კოლეგიის თავმჯდომარეები და ფაკულტეტების დეკანები ესწრებოდნენ, უძღვებოდა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.


სტუ-ის ინფორმაციით, შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით, საინჟინრო-ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მიმართულების საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭომ ინდივიდუალურად განიხილა 70 დოქტორანტის საჯარო დაცვის დოკუმენტაცია, ასევე, დოქტორანთა, მათ  ხელმძღვანელთა და დაცვის კოლეგიის თავმჯდომარეთა წარდგინებები. როგორც აღინიშნა, 9 დოქტორანტი სხდომას საპატიო მიზეზის გამო ვერ დაესწრო. საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 სადისერტაციო ნაშრომი განსახილველად დარგის ექსპერტებს გადაეცა, ამდენად, საერთო ჯამში, კვალიფიკაცია 53 დოქტორანტს მიენიჭა.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ მეცნიერებებში სადისერტაციო ნაშრომების ავტორთათვის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხებს, მათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულების საუნივერსიტეტო საბჭო იმსჯელებს. 


 

სიახლეებში დაბრუნება