საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა

03/01/2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მერვე სასწავლო კორპუსზე 200 კვტ. სიმძლავრის მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა, რომელიც მთლიანად დაფარავს სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პირველი უნივერსიტეტია, რომელიც მზის ელექტროსადგურის გამომუშავებულ ელექტროენერგიას მოიხმარს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტუის დეკანის, პროფესორ ლენა შატაკიშვილის განცხადებით, პროექტი  -  „მზის ელექტროსადგურის მშენებლობა“ განხორციელდა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსებით. პროექტის მხარდამჭერია  საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი/Georgian Energy Development Fund.

„გასული წლის ივნისში მხარეთა შორის მხარდაჭერის ხელშეკრულება გაფორმდა. უნივერსიტეტმა  პასუხისმგებლობა აიღო და ხელშეკრულების თანახმად მთელი რიგი სამუშაობები ჩაატარა, ხოლო  სამონტაჟო სამუშაოები    ტენდერში გამარჯვებული კომპანია  HELIOS ENERGI GEORGIA-ის მიერ იქნა განხორციელებული. ამ მეტად საჭირო და შრომატევად სამუშაოს ერთგვარად სიმბოლური დატვირთვაც აქვს. ენერგეტიკის ფაკულტეტზე, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები იღებენ მაღალკვალიფიციურ განათლებას, განხორციელდა პირველი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა. ეს, როგორც უნივერსიტეტის, ასევე,  ჩვენი ფაკულტეტისა და სტუდენტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია“, - აცხადებს პროფესორი ლენა შატაკიშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მერვე სასწავლო კორპუსზე 200 კვტ. სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის დამონტაჟებამდე, ენერგეტიკის ფაკულტეტზე გაიხსნა კავკასიის რეგიონში პირველი განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიების ლაბორატორია, რომელსაც წინ უსწრებდა  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თბილისი ჰუავეი თექნოლოჯის კო-სა და შპს ფოტომეიტ ევრაზია-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი დაედო საფუძვლად ენერგეტიკის ფაკულტეტზე ლაბორატორიისა და საგამოფენო სივრცის მოწყობას. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, სტუ-ის მერვე სასწავლო კორპუსზე დამონტაჟებული ელექტროსადგური, პირველ რიგში, სტუდენტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

„მზის ელექტროსადგურის მონტაჟი, ისევე, როგორც განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიური ლაბორატორია და საგამოფენო სივრცე მნიშვნელოვანი შენაძენია ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რომლებიც  პრაქტიკას ადგილზე გაივლიან და გაეცნობიან ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიებს განახლებადი მზის ენერგიის სფეროში, რაც მათი ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ლაბორატორია და საგამოფენო სივრცე სტუდენტებს და ასევე ინსტალატორებს საშუალებას მისცემს განახლებადი ენერგიის პრინციპები შეისწავლონ. მათ საშუალება მიეცემათ, დასაქმდნენ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში. სწორედ ეს არის უნივერსიტეტის მისია, მისი მთავარი დანიშნულება. წარმატებებს ვუსურვებ ფაკულტეტს“, - აცხადებს პროფესორი დავით გურგენიძე.

ინფორმაციისთვის: მზის ელექტროსადგურის ენერგიის ჭარბი გამომუშავების შემთხვევაში, მოხდება  გადადინდება და ენერგია მოხმარდება უნივერსიტეტის სხვა კორპუსებს, რაც ყოველწლიურად 65 000 ლარამდე დანაზოგს მისცემს უნივერსიტეტს, ხოლო ბუნებას 103 ტონით ნაკლებ CO2 ემისიას.


 

სიახლეებში დაბრუნება