სტუ-ში აბიტურიენტების STEM საგნებში უფასო, მოსამზადებელ ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია 15 იანვარს დასრულდება

01/13/2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში აბიტურიენტების STEM საგნებში უფასო, მოსამზადებელ ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია 15 იანვარს დასრულდება.

კურსები მიზნად ისახავს, აბიტურიენტების ორი მოდულის მიხედვით- „მათემატიკა + ფიზიკა“ ან „მათემატიკა + ქიმია“ მომზადებას. ორივე მოდულში წამყვანი საგანი მათემატიკაა, თუმცა მასთან ერთად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტებს STEM-ის კიდევ ერთი საგნის, ფიზიკის ან ქიმიის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. ამ ორი დამატებითი საგანიდან, რომელს შეისწავლის აბიტურიენტი, მის არჩევანზეა დამოკიდებული.

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს ონლაინ კურსები პირველად რამდენიმე წლის წინ შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტებში სტუ-ის ახალმა პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია. გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მიზანი, STEM საგნების პოპულარიზაციისა და მოტივირებული ახალგაზრდებისათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, წარმატებითაა შესრულებული. დღეს, როცა სინათლის სიჩქარით ვითარდება ტექნიკა, ვფიქრობთ, ახალგაზრდებში STEM საგნების მიმართ ინტერესის გაღვივება ძალიან მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტი ცდილობს სკოლაში სწავლის პარალელურად, მომავალ აბიტურიენტებს ცოდნის დიაპაზონი გაუფართოვოს, რაც მათთვის, როგორც აბიტურიენტობისას, ასევე სტუდენტობის დროს სასარგებლო იქნება“, - აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, ონლაინ კურსებში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და რეგიონების სკოლების დამამთავრებელი (მე-11 და მე-12) კლასის მოსწავლეებს. ასევე, 20 წლის ჩათვლით სკოლადამთავრებულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ სწავლობენ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში.

 ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია პორტალზე- https://abiturienti.gtu.ge/ უკვე დაწყებულია და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 

კურსებს სტუ-ის აკადემიური პერსონალი ჩაატარებს და სასწავლო პროცესი თებერვლიდან დაიწყება.


 

სიახლეებში დაბრუნება