სტუ-ში კავკასიის რეგიონში პირველი განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიების ლაბორატორია გაიხსნა

12/16/2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე კავკასიის რეგიონში პირველი განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიების ლაბორატორია და საგამოფენო სივრცე გაიხსნა.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ჰუავეი თექნოლოჯის კო-სა და ფოტომეიტ-ევრაზიის ორგანიზებით ჩატარდა. ლაბორატორიისა და საგამოფენო სივრცის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციისა და ენერგეტიკის ფაკულტეტის, ასევე, განახლებადი ენერგიის დარგში მოღვაწე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლენა შატაკიშვილის განცხადებით ლაბორატორია მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის დარგის პოპულარიზაციას საქართველოში.

„ლაბორატორია სტუდენტებისთვის ლექცია-სემინარებისა და ტრენინგების სახით როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას, ახალი ტექნოლოგიების შესწავლას და მზის სისტემების საერთაშორისო ბაზრების შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. ლაბორატორია და საგამოფენო სივრცე სტუდენტებს და ასევე ინსტალატორებს საშუალებას მისცემს განახლებადი ენერგიის პრინციპები შეისწავლონ, ასევე უახლეს ტექნოლოგიებს გაეცნონ და კვალიფიკაცია ამ განხრით აიმაღლონ. მათ საშუალება მიეცემათ, რომ დასაქმდნენ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში“, - განაცხადა პროფესორმა ლენა შატაკიშვილმა..



საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თბილისი ჰუავეი თექნოლოჯის კო-სა და შპს ფოტომეიტ ევრაზია-ს შორის ჯერ კიდევ ივლისის თვეში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც დაედო საფუძვლად ენერგეტიკის ფაკულტეტზე ლაბორატორიისა და საგამოფენო სივრცის მოწყობას. სწორედ ამ

თანამშრომლობითა და ერთობლივი ძალისხმევით ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე შემდეგი მიმართულებები განვითარდება: განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის სისტემების მდგრადი და საიმედო მუშაობის შესახებ ცოდნის გაზიარება; ახალი ტექნოლოგიების შესწავლა და განახლებადი მზის ენერგიის სფეროს გაცნობა; მზის ენერგიის სისტემის საერთაშორისო ბაზრების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სტუდენტებისთვის სემინარების და გაცნობითი ხასიათის შეხვედრების ჩატარება. წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერა საერთაშორისო კომპანიებში კარიერის დასაწყებად, ან გასაგრძელებლად.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკის ფაკულტეტის ბაზაზე, განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიური ლაბორატორია მოეწყო. ამ ლაბორატორიის მეშვეობით ლექცია-სემინარები ჩატარდება. ასევე სტუდენტებისთვის უცხოელი სპეციალისტები ტრენინგებს მოაწყობენ, რაც საბოლოო ჯამში მიზნად იმ თანამედროვე ცოდნის გადაცემას და იმ უნარების შეძენას ისახავს, რაც მათ წარმატებულ დასაქმებას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე უზრუნველყოფს” - აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი დევი ხვედელიანი.

სტუ-ში ლაბორატორიისა და საგამოფენო სივრცის გახსნის ღონისძიება ორ ეტაპად ჩატარდა. ოფიციალური ნაწილის პირველი ეტაპი დაეთმო განახლებადი ენერგიის დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტების გამოსვლებს, ხოლო მეორე ეტაპი მოიცავდა პანელურ დისკუსიას თემაზე – საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარება, შესაძლებლობები და გამოწვევები.


 

სიახლეებში დაბრუნება