სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდებს მიმართავს

11/18/2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდებს მიმართავს და უსურვებს, ბოლომდე შეინარჩუნონ თავიანთი იდეების ერთგულება, ეზიარონ მეცნიერებას, პროგრესს და საფუძველი ჩაუყარონ ახალ აღმოჩენებს.

„ძვირფასო ახალგაზრდებო,

სტუდენტობა დაუვიწყარი და უმნიშვნელოვანესი ხანაა - ცოდნის დაუფლების წყურვილი შერწყმულია იმ დიდ მიზნებთან, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობას უკავშირდება. განვითარებისა და ღირსეული მომავლის პერპენტუმ მობილე სწორედ თქვენ, სტუდენტები ხართ და ჩვენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, გვაქვს პატივი, თქვენი მიზნების აღსრულებაში ყოველმხრივი მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ.

სტუდენტთა საერთაშორისო დღე მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებს აერთიანებს, როგორც სიმბოლო განათლების, წარმატების, თავდაუზოგავი შრომის, ახლის ძიებისა და საუკეთესო მომავლის საწინდარი.

თქვენ, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სტუდენტებს, რთულ და ამავდროულად, საინტერესო გამოწვევებთან გამკლავება გიწევთ. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები დიდ წარმატებებს აღწევენ, როგორც მეცნიერებაში, საინჟინრო-ტექნოლოგიურ თუ ჰუმანიტარულ დარგებში, ასევე, სპორტსა და თვითშემოქმედებაში. დღეს, წარმატებულ სტუდენტებს,  საქართველოს მთავრობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ გაცვლითი პროგრამებით და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელოთ სწავლა, მსოფლიოს უდიდეს სამეცნიერო ცენტრებთან ითანამშრომლოთ და ჩაერთოთ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში.

გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს და გისურვებთ, ცოდნის მისაღებად იყოთ ყოველთვის მოტივირებული, არ შეგაშინოთ სავალი გზების სირთულემ, ბოლომდე დარჩეთ თქვენი იდეების ერთგული, ეზიაროთ მეცნიერებას, პროგრესს და საფუძველი ჩაუყაროთ ახალ აღმოჩენებს. მუდამ გახსოვდეთ - ცოდნა ძალაა!“


 

სიახლეებში დაბრუნება