სტუ-ში უახლესი ტიპის ელექტრული სისტემების მოდელირებისა და სიმულაციის ლაბორატორია შეიქმნება

10/25/2022


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პირველად ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, უახლესი ტიპის ელექტრული სისტემების მოდელირებისა და სიმულაციის ლაბორატორია შეიქმნება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ამერიკის ენერგეტიკული ასოციაციის (USEA) დირექტორს, ვილიამ პოლენს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს და შეათანხმეს რიგი საკითხებისა, რაც სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ელექტრული სისტემების მოდელირებისა და სიმულაციის ლაბორატორიის მოწყობას და თანამედროვე ტექნიკითა თუ უახლესი ტექნოლოგიებით მის აღჭურვას უკავშირდება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და კომპანია „პარვუს ჯგუფის“ წარმომადგენლები, ასევე, სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლენა შატაკიშვილი.

 

ამერიკის ენერგეტიკული ასოციაციის (USEA) დირექტორის, ვილიამ პოლენის განცხადებით, ელექტრული სისტემების მოდელირებისა და სიმულაციის ლაბორატორია, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე შეიქმნება, სწავლების სამივე საფეხურზე მოქმედ ყველა საგანმანათლებლო პროგრამას მოემსახურება.

„ის სასწავლო პროგრამები, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხორციელდება, ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია. უნივერსიტეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც USEA-მ სტუ-ში რამდენიმე წლის წინ განახორციელა, წარმატებული აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ  ხელი შეუწყო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. განვლილი წლების შემდეგ,  უნივერსიტეტში მიმდინარე ცალსახად პოზიტიური ცვლილებები აშკარაა, რაც ძალიან გვახარებს - გილოცავთ ამ წარმატებას! მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ, USAID-ის მხარდაჭერით, ვმუშაობთ ახალ პროგრამაზე, რაც გულისხმობს ენერგიის უსაფრთხო გადაცემას. სწორედ „ენერგიის უსაფრთხოდ გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში დაიგეგმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტრული სისტემების მოდელირებისა და სიმულაციის ლაბორატორიის შექმნის პროექტი, რასაც ასევე USAID-ის მხარდაჭერითა და უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით განვახორცილებთ. ლაბორატორია გაიხსნება ენერგეტიკის ფაკულტეტზე და მოემსახურება ყველა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას. თქვენი სტუდენტები შეძლებენ მაღალკვალიფიციური განათლებისა და იმ პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია თანამედროვე ენერგეტიკის დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის“, - განაცხადა ვილიამ პოლენმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ უნივერსიტეტსა და ამერიკის ენერგეტიკულ ასოციაციას შორის პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად მზადყოფნა გამოთქვა. როგორც რექტორმა აღნიშნა, USEA-სა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

„USEA-სა და უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს შორის ნაყოფიერი პარტნიორობა 2006 წლიდან დაიწყო, როცა პირველი უახლესი ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორია ამოქმედდა. აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში, USAID-თან ერთად, ასევე არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში USAID-ის ოფისს დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ენერგეტიკის ფაკულტეტზე მოქმედი „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის რეაკრედიტაციის პროცესში - მათ მონაწილეობა მიიღეს როგორც  კურუკულუმის, ასევე სილაბუსების შედგენაში. „ელექტრული და ელექტონული ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამა, სტუდენტს აძლევს საშუალებას, სასწავლო კურსს დაეუფლოს მისთვის მისაღებ, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.   უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტრული სისტემების მოდელირებისა და სიმულაციის ლაბორატორია, რომლის შექმნაზე მალე დავიწყებთ მუშაობას USEA-თან პარტნიორობით, ენერგეტიკის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს, ჩვენს მომავალ ენერგეტიკოსებს მისცემს საშუალებას დარგისთვის აუცილებელი ყველა პრაქტიკული და საექსპერტო სამუშაო სწორედ ამ ლაბორატორიაში გაიარონ. ეს კი, სამომავლოდ, საგრძნობლად გაზრდის მათ კონკურეტუნარიანობას და წარმატებით დასაქმებას შეუწყობს ხელს. ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკაში, საქართველოს მთავრობის უშუალო ძალისხმევით, სრულიად „ახალი ერა“ იწყება. აქედანვე ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ ამ გამოწვევას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები სათანადოდ, მაღალპროფესიულ დონეზე მომზადებულები შეხვდნენ“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

25.10.2022


 

სიახლეებში დაბრუნება