სტუ-ის დროშა სტუდენტმა ალპინიტებმა მყინვარწვერზე აღმართეს

10/13/2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დროშა, სტუ-ის 100 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო თარიღის აღსანიშნად, სტუდენტ ალპინისტთა ჯგუფმა მყინვარწვერის პიკზე, ზღვის დონიდან 5 054 მეტრზე აღმართეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სუდენტები სტუ-ის ალპინისტთა ჯგუფს მყინვარწვერის დაპყრობასა და მშვიდობიან დაშვებას ულოცავენ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩვენმა სტუდენტებმა უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო მისია იტვირთეს, რაც წარმატებით განახორციელეს. ახალგაზრდებმა ალპინიადა უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღს მიუძღვნეს და მყინვარწვერზე მშობლიური უნივერსიტეტის დროშა აღმართეს. პირველ რიგში, ბედნიერი ვართ, რომ ჩვენი სტუდენტები მშვიდობით დაგვიბრუნდნენ. მათთან მუდმივი კავშირი გვქონდა და ვიცით, რამდენად რთული იყო ეს ექსპედიცია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის სტუდენტ მთასვლელთა ეს ინიციატივა, რაც მწვერვალ ყაზბეგის დალაშქვრას უკავშირდება, მართლაც უმნიშვნელოვანესია და ეს დიდებული ფაქტი ღირსეულ ადგილს დაიკავებს უნივერსიტეტის ისტორიაში. ვულოცავთ საიუბილეო ალპინიადის მონაწილე ჩვენს სტუდენტებს საპატიო მისიის წარმატებით განახორციელებას“, - აცხადებს სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

როგორც სტუ-ის ალპინისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ შავერდაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ალპინიადა შედგა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით, ალპინიადა მყინვარ ყაზბეგზე პირველად ჩატარდა. ეს ძალიან საპასუხისმგებლო მისია იყო, როგორც ჩემთვის, ასევე, ჯგუფის თითოეული წევრისთვის. ექსპედიციის ყველა მონაწილემ დიდი გამბედაობა, გასაოცარი გამძლეობა და ნებელობა გამოავლინა. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ალპინიადა წარმატებით შედგა და ჩვენი მისია შესრულებულია - გილოცავთ, საქართველოს ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დროშა ფრიალებს“, - ამბობს ნიკოლოზ შავერდაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტ ალპინსტთა ჯგუფი - ნიკოლოზ შავერდაშვილის, კახი წიკლაურის, მარიამ პატარკაციშვილის, მამუკა ძინძიბაძის, ირმა გულიაშვილისა და ჯემალ გაბრიჭიძის შემადგენლობით - მყინვარწვერის დასალაშქრად, 6-დღიან ექსპედიციაში 5 ოქტომბერს გაემგზავრა.





 

სიახლეებში დაბრუნება