საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 100 წლის იუბილე გალა-კონცერტით აღნიშნა

10/13/2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გალა-კონცერტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები,  თბილისის მერიის ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი და პრეზიდიუმის წევრები, უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეები, სტუდენტები და თანამშრომლები, აგრეთვე, სტუ-ის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში მიწვეული საპატიო სტუმრები - ცნობილი მეცნიერები ევროპისა და აზიის წამყვანი უნივერსიტეტებიდან, საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებიდან და კოლაბორაციებიდან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, დიდი ტრადიციების მქონე პირველი ქართული უმაღლესი საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლა, რომლის წვლილი განუზომელია, როგორც ქვეყნის ეკონომიკისა და საინჟინრო-ტექნოლოგიური დარგების, ასევე, საგანმანათლებლო-სამეცნიერო სფეროების განვითარებაში, 100 წლის იუბილეს გალა-კონცერტით აღნიშნავს.


„მადლობას ვუხდი საზოგადოებას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, ჩვენი ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მის აღმატებულება ელჩებს, სხვადასხვა ორგანიზაციებს, აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს, ჩვენს უცხოელ კოლეგებსა და მსოფლიოს წამყვანი კოლაბორაციების მეცნიერებს ჩვენი დიდი სიხარულის გაზიარებისა და საიუბილეო გალა-კონცერტზე მობრძანებისთვის. 2002 წელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საიუბილეო წელია. ჩვენმა ალმა-მატერმა საუკუნოვანი გზა განვლო, აღსავსე საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიღწევებით, ტრადიციებით, რომლიც საამაყოა მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და მისმა კურსდამთავრებულებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს საინჟინრო და ტექნიკურ მეცნიერებათა განვითარებაში, საქართველოს ეკონომიკურ და კულტურულ აღორძინებაში. ჩვენს ასწლოვან უნივერსიტეტს, სხვადასხვა დროს, სათავეში ედგნენ ცნობილი რექტორები - ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო და აღიარებული წარმომადგენლები, გამორჩეული თავიანთი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობით, განსაკუთრებული ორგანიზატორული უნარებით, კეთილშობილებით, მომხიბვლელობითა და კომუნიკაბელურობით. ისინი იმსახურებდნენ გარშემომყოფთა გულწრფელ პატივისცემასა და სიყვარულს. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამ დიდი უმაღლესი სკოლის ტრადიციებს, დღეს ჩვენი უნივერსიტეტი ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ახალ ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს ამუშავებს; საქართველოს მთავრობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ერთდროულად მოიპოვონ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე, ევროპული უნივერსიტეტების დიპლომები, ისარგებლონ ERASMUS+ და სხვა გაცვლითი პროგრამებით; ახალგაზრდა მკვლევრებს შესაძლებლობა აქვთ უახლესი მეთოდოლოგიების საფუძველზე სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე იმუშაონ და ევროკავშირის სამეცნიერო გრანტები მოიპოვონ; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებს მჭიდრო კოლაბორაცია აქვთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან, ისინი  აქტიურად მონაწილეობენ მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში. ცალკე საუბრის თემაა ის დიდი წვლილი, რაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ათეული წლების განმავლობაში, ქართული კულტურისა და სპორტის განვითარებაში შეიტანა და დღესაც შეაქვს. დიახ, ეს ჩვენი უნივერსიტეტია, რომელიც განუხრელად ისწრაფვის ინტერნაციონალიზაციისკენ, ევროპული მომავლისა და განვითარებისკენ“, - აღნიშნა რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

საიუბილეო გალა-კონცერტზე, რომელიც თითქმის 2 საათი გაგრძელდა, მაყურებლისა და მიწვეული სტუმრების წინაშე წარსდგნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, იოსებ ტუღუშის სახელობის სახელგანთქმული საუნივერსიტეტო ორკესტრი, რომელსაც წელს დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა,  სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელა, საუნივერსიტეტო ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, 75-წლიანი ტრადიციის მქონე სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ დასის წევრები და სტუ-ის სხვა შემოქმედებითი ჯგუფები.

გარდა ამისა, საიუბილეო გალა-ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ძველი და ახალი თაობის თითქმის ყველა ცნობილმა მომღერალმა და ინსტრუმენტალისტმა, რომელთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ეტაპები და წლები უძველეს ქართულ საინჟინრო-ტექნოლოგიურ უმაღლეს სკოლას უკავშირდება. მათ შორის ერთ-ერთი ქართული ესტრადის ლეგენდა ნანი ბრეგვაძე იყო.


გალა-კონცერტის დაწყებამდე მიწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ ორი ვრცელი ექსპოზიცია: ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მე-2 სართულის ფოიეში წარმოდგენილი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორიის, ტრადიციების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული მიღწევების ამსახველი ფოტოქრონიკა - „100 ფოტო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ“;  ფილარმონიის მე-3 სართულის ფოეში კი მოეწყო სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტისა და დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტთა მიერ შესრულებული, საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონკურსებში გამარჯვებული არქიტექტურული პროექტების, მაკეტების, პოსტერების, მხატვრული ფოტოების, ფერწერული ნამუშევრებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა.



 

სიახლეებში დაბრუნება