სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის სტუდენტ ალპინისტთა ჯგუფი მყინვარწვერის დასალაშქრად გააცილა

10/05/2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, სტუ-ის სტუდენტ ალპინისტთა ჯგუფი უნივერსიტეტიდან ყაზბეგის მიმართულებით, მყინვარწვერის დასალაშქრად გააცილა.

სტუდენტ ალპინსტთა ჯგუფი მყინვარწვერის დასალაშქრად, 5-დღიან ექსპედიციაში დღეს გაემართა. სტუ-ის ალპინისტები, უნივერსიტეტის 100 წლისთავის აღსანიშნად, მყინვარწვერის პიკზე,  ზღვის დონიდან 5 054 მეტრზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დროშას აღმართავენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ ალპინისტ სტუდენტებს გზა დაულოცა, საპატიო მისიის წარმატებით განხორციელება და მყინვარწვერიდან მშვიდობიანი დაშვება უსურვა.

„ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩვენმა სტუდენტებმა სურვილი გამოთქვეს, მოეწყოთ ალპინიადა მწვერვალ ყაზბეგის, იგივე მყინვარწვერის დასალაშქრად. ჩვენი ალპინისტთა ჯგუფი ყაზბეგის მიმართულებით, 5-დღიან ექსპედიციაში დღეს გავამგზავრეთ. ცხადია ვღელავთ, რადგან ეს ფრიად საპასუხისმგებლო ექსპედიციაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთასვლელების მორალურ და ფიზიკურ მომზადებაში სრულად ვართ დარწმუნებული და მათთან მუდმივი კავშირი გვექნება. უნივერსიტეტისთვის სტუდენტების ეს ინიციატივა  მართლაც უმნიშვნელოვანესია - ისინი დალაშქრავენ მყინვარწვერს და მის პიკზე 100-წლოვანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დროშას აღმართავენ. ამ დიდებული ფაქტის მომსწრენი ჩვენც გავხდებით - 10 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საიუბილეო გალა-კონცერტზე, რომელიც ფილარმონიაში გაიმართება, ჩვენი ალპინისტები კონცერტის მსვლელობისას ონლაინ ჩაერთვებიან და თავიანთ შთაბეჭდილებებს მიწვეულ საზოგადოებას გაუზიარებენ. ექსპედიციის მონაწილეებს ვუსურვებთ, წარმატებით განახორციელონ ეს უაღრესად საპატიო მისია და მშვიდობიანად დაუბრუნდნენ მშობლიურ უნივერსიტეტსა და სასწავლო პროცესს“, - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

როგორც ალპინისტთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, სტუ-ის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ბაკალავრმა, მარიამ პატარკაციშვილმა ექსპედიციაში გასვლამდე განაცხადა, სტუდენტებმა დიდი ხნის ოცნება აიხდინეს.

„ბედნიერები ვართ და გასაოცრად ამაღლებული განწყობა გვეუფლება - დღეს ჩვენი დიდი ხნის ოცნება რეალობად იქცა. ექსპედიცია შედგა, ყოველი წვრილმანი ზუსტად გვაქვს გათვლილი და გამოცდილი ინსტრუქტორების თანხლებით, ყაზბეგისკენ მივემგზავრებით. ოპერაცია „მყინვარწვერი“ სისრულეში უნდა მოვიყვანოთ, დავლაშქროთ მწვერვალი ყაზბეგი და მის პიკზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დროშა აღვმართოთ, რომელიც საიუბილეო თარიღის აღსანიშნად იფრიალებს“, - აღნიშნა სტუ-ის სტუდენტმა მარიამ პატარკაციშვილმა.


 

სიახლეებში დაბრუნება