სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა

09/28/2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

შეხვედრას, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ სომხეთის რესპუბლიკის ელჩს, მის აღმატებულება აშოტ სმბატიანს საქართველოში სომხური დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობა მიულოცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა. სტუ-ის რექტორმა ელჩს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები გააცნო, ესაუბრა იმ კონტაქტებისა და სამეცნიერო კოლაბორაციის შესახებ, რაც ასწლოვანი ისტორიისა და ტრადიციების მქონე, სამხრეთ კავკასიის მასშტაბით უძველეს ქართულ საინჟინრო-ტექნოლოგიურ სკოლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებთან აკავშირებს.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და საგანმანათლებლო-სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს, განიხილეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაფართოებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების ახალი შესაძლებლობები.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეთნიკურად სომეხი ასობით ახალგაზრდა სწავლობს. სასიხარულოა, რომ მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. გვერწმუნეთ, ჩვენს უნივერსიტეტში ისინი ევროპული სტანდარტის შესაბამის განათლებას იღებენ, აქვთ შეუზღუდავი წვდომა თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურასთან, პრაქტიკულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ უნიკალურ და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სასწავლო-კვლევით ლაბორატორიებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, ურთიერთთანამშრომლობა გააღრმავოს სომხეთის რესპუბლიკის წამყვან უნივერსიტეტებთან, იქნება ეს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები თუ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები“, - აღნიშნა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, აშოტ სმბატიანმა  სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა და შეეხო, როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამეცნიერო-კვლევით ურთიერთობებს, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერას სომხეთის რესპუბლიკის იმ მოქალაქეებისადმი, რომლებიც უმაღლეს განათლებას სტუ-ში იღებენ.

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მრავალი საუკეთესო სპეციალისტი აღზარდა, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაშიც. მადლობას მოგახსენებთ იმ გულისხმიერებისთვის, რასაც ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების მიმართ ეს უძველესი  უნივერსიტეტი იჩენს. განსაკუთრებით სასიამოვნოა იმ ორმხრივი, წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს სომხეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებთან აკავშირებს. თავის მხრივ, სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ძალისხმევას არ დაიშურებს არსებული თანამშრომლობის გასაღრმავებლად“, - განაცხადა  სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, აშოტ სმბატიანმა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება აშოტ სმბატიანი, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვია.  


 

სიახლეებში დაბრუნება