სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე და სტუ-ის ახალგაზრდა მკვლევრები მონაწილეობას ჰეგელის საერთაშორისო კონგრესში მიიღებენ

09/05/2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, სტუ-ის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი და ახალგაზრდა მკვლევრები, საქართველოს საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეში პირველად, მონაწილეობას ჰეგელის საერთაშორისო კონგრესში (Internationale Hegel-Kongress) მიიღებენ.

ჰეგელის 34-ე საერთაშორისო კონგრესი, მიმდინარე წლის 5-8 სექტემბერს, ხორვატიაში, ზადარის უნივერსიტეტში იმართება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში ამ უმაღლესი რანგის ფორუმზე მონაწილეები საქართველოდან იქნებიან  წარდგენილი.

ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ოფიციალური მიწვევით, დაგეგმილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის ჰეგელის 34-ე საერთაშორისო კონგრესის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა.

ჰეგელის წლევანდელ საერთაშორისო კონგრესზე, ძირითად მომხსენებელთა შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი წარსდგება, ხოლო სასექციო მომხსენებელთა შორის იქნებიან სტუ-ის დოქტორანტი მარიამ ხაზარაძე და ახალგაზრდა მკვლევრები - დავით გალაშვილი და ლევან შატბერაშვილი.

ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება დიდი მეცნიერისა და გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ფუძემდებლის, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის სახელობის საერთაშორისო კონგრესს რეგულარულად, ორ წელიწადში ერთხელ იწვევს. კონგრესს საპატიო მასპინძლობას სხვადასხვა ქვეყნები უწევენ. 

ჰეგელის მორიგი, 35-ე საერთაშორისო კონგრესი 2024 წელს გაიმართება და ამ უმაღლესი რანგის ფორუმის დაარსებიდან 70 წლისთავს მიეძღვნება. წინასწარი ინფორმაციით, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება, 2024 წელს, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესის მასპინძელი ქვეყნის კანდიდატად საქართველოს, კერძოდ კი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს განიხილავს.

მომდევნო კონგრესის ჩატარების შესახებ უწყებას ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება მომავალი მასპინძელი ქვეყნის უნივერსიტეტის რექტორს ზადარში, კონგრესის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე ოფიციალურად გადასცემს.

ცნობისათვის: ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების (Internationalen Hegel-Gesellschaft) პრეზიდენტია პროფესორი მირიამ გერჰარდი (ოლდენბურგის უნივერსიტეტი, გერმანია); საპატიო პრეზიდენტია პროფესორი ემერტუსი ანდრეას არნდტი (ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ბერლინი, გერმანია), რომელიც ჰეგელთან და გერმანულ იდეალიზმთან დაკავშირებული მრავალი საერთაშორისო მნიშვნელობის გამოცემების სერიის სამეცნიერო ხელმძღვანელი და თანახელმძღვანელია.


 

სიახლეებში დაბრუნება