სტუ-ის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ჩარიცხულ აბიტურიენტებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ულოცავს

08/31/2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ აბიტურიენტებს ცხოვრების ახალი, საპასუხისმგებლო ეტაპის დაწყებას ულოცავს და დასახული მიზნების წარმატებით განხორციელებას უსურვებს.

„ძვირფასო ახალგაზრდებო,

მთელი გულით გილოცავთ ცხოვრების ახალი, სრულიად განსაკუთრებული, საპასუხისმგებლო და ამავდროულად, შემეცნებით, სილაღითა და თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრების დაწყებას. ეს სტუდენტობის ხანაა, რომელიც უნივერსიტეტში გატარებულ წლებს უკავშირდება. 

მოხარული ვართ, რომ ღირსეულად გაუმკლავდით ყველა გამოწვევას და წარმატებით დაძლიეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები. ვიდრე სასურველ უნივერსიტეტში სწავლას დაიწყებთ, მინდა გახსოვდეთ, რომ მომავლის საუკეთესო ინვესტიცია განათლებაა, რაც არაერთ საინტერესო პერსპექტივას და ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით.

დარწმუნებული ვართ, თქვენი არჩევანი ღრმად გააზრებულია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის უძველესი საინჟინრო-ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლაა, რომელიც წელს დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და თქვენი სახით მე-100, ასევე საიუბილეო ნაკადს ელის. ჩვენი პირველკურსელებისთვის ამ თარიღს ორმაგად სიმბოლური დატვირთვა ექნება. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები მღელვარებით ვადევნებდით თვალს წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესსა და შედეგებს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უნიკალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვს, ჰყავს მაღალრეიტინგული პროფესურა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები. ჩვენი გუნდი მოტივირებულია, ახალგაზრდებს მოგცეთ აქტუალური ცოდნა და თანამედროვე განათლება.  სწავლასთან ერთად, შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საუნივერსიტეტო სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებში, რითაც ჩვენი 100-წლოვანი უნივერსიტეტის უძველესი და მდიდარი ტრადიციების გამგრძელებელი გახდებით.

თქვენ ქვეყნის მომავალი ხართ და გვჯერა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და პროფესიონალიზმს ქვეყნის კეთილდღეობას მოახმართ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ჯანმრთელობას, წარმატებასა და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ!“

 


 

სიახლეებში დაბრუნება