10 ფაქტი, რომელიც სტუ-ის შესახებ უნდა იცოდეთ

07/25/2022




1. საუკუნოვანი ისტორია

საქართველოში პირველი საინჟინრო უნივერსიტეტი საუკუნის წინ დაარსდა და დღესაც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას მრავალფეროვანი და უნიკალური საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებებით. წელს, სტუ 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და ახალი ასწლეული ახალი მიზნებითა და გამოწვევებით იწყება.



2. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის ჩართულობით, 1999 წლის 23 ივლისს, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი — რეფლექტორი ორბიტაზე გავიდა. ეს იყო ახალი ტექნოლოგიების დასაწყისი მსოფლიო კოსმონავტიკაში.



3. სტუ-ის 13 ფაკულტეტი

უნივერსიტეტს 13 ფაკულტეტი აქვს: სამშენებლო; ენერგეტიკა; სამთო- გელოგიური; მთის მდგრადი განვითარება; ქიმიური ტექნოლოგია და მეტალურგია; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერია; არქიტექტურის ურბანისტიკის და დიზაინი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობები; ინფორმატიკისა და მართვის სისტემები; დიზაინის საერთაშორისო სკოლა; აგრარული ტექნოლოგიებისა და ბიოსისიტემების ინჟინერინგია; ბიზნესტექნოლოგიები; საინჟინრო ეკონომიკა, მედაიტექნოლოგიები და სოციალური მეცნიერებები. ასევე უნივერსიტეტის ბაზაზე მოწმედებს 14 კვლევითი ინსტიტუტი და თანამედროვე ლაბორატორიები.



4. სრულად დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამები

სტუ-ში 32 საბაკალავრო პროგრამა მოქმედებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ სტუ-ს ყველაზე მეტი პრიორიტეტული პროგრამები აქვს. ამასთანავე, სტუ საგანმანათლებლო პროგრამებზე ადგილების ზუსტად იმ რაოდენობას აცხადებს, რამდენი სტუდენტის მიღებაც შეუძლია.

5. სტუ-ის პარტნიორები მსოფლიოს უდიდესი კვლევითი ცენტრები და უნივერსიტეტები არიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორები არიან: ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN), იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლვების ორგანიზაცია (KEK), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, კალიფორნიის, იელის, ბერნის, გლაზგოს და სხვა უნივერსიტეტები.



6. სტუ-ში უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება

მშენებლობის მენეჯმენტი, მექანიკის ინჟინერია, გეოდეზია, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერინგი, ბიოსამედიცინო ინჟინერია, მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება, მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი, მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა; ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა — ეს ის საგანმანათლებლო პროგრამებია, რომლებიც მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლება. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამების კურსდამთავრებულები, დღეს არსებულ შრომით ბაზარზე უკონკურენტოები არიან.

7. სტუ სტუდენტებს გაცვლით პროგრამებს და ორი დიპლომის აღების შესაძლებლობას სთავაზობს

მეღვინეობა-მევენახეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ცოდნა იტალიის უნივერსიტეტებში გაიღრმავონ, ხოლო სასურსათო ტექნოლოგიების სპეციალობის არჩევისას, სტუდენტი სტუ-ის დიპლომთან ერთად, ფრანგული უნივერსიტეტის დიპლომსაც მიიღებს. მომავალი წლიდან, ამ შეთავაზებით, მაგისტრანტებიც ისარგებლებენ. ორი დიპლომის აღების შესაძლებლობას იძლევა სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის გერმანულენოვანი ლოჯისტიკის საგანმანათლებლო პროგრამაც.
გარდა ამისა, სტუ ევროპის 17 ქვეყნის 68 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. შესაბამისად, ყველა საფეხურის სტუდენტს შეუძლია Erasmus+ - ის პროგრამის ფარგლებში მობილობა განახორციელოს.

8. სტუ-ის სტუდენტები სამეცნიერო აღმოჩენებსა და გამოგონებებზე მუშაობენ

უნივერსიტეტში შექმნილი მინიჰესის ლაბორატორია და ხიდსაცდელი ცენტრი, უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც სტუდენტებს რეალურ პირობებში ცდების ჩატარების შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, კავკასიაში ერთადერთი ჰოლოგრაფიული ინტერფერომეტრიის ლაბორატორია ნანონაწილაკების სინთეზის საშუალებით ონკოლოგიური პრობლემების გადაჭრის საშუალებას იძლევა — ეს იმ ექსპერიმენტების მხოლოდ ნაწილია, რომელიც გამომგონებლების ახალი თაობების აღზრდას უწყობს ხელს. უნივერსიტეტის საინჟინრო აკადემიაში საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები არიან გაერთიანებულები და მისი კურსდამთავრებულები მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურსების, მათ შორის აშშ-ს კოსმოსური კვლევების სააგენტოს NASA-ს, გამარჯვებულები არიან.



9. პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება

უნივერსიტეტის სამშენებლო, საინჟინრო თუ ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორიები უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, რაც სტუდენტს პრაქტიკული სამუშაოების განხორციელების საშუალებას აძლევს. ეს პროცესი რეალურ ამოცანებზე მუშაობას და სხვადასხვა დარგის წამყვან სპეციალისტებთან თანამშრომლობას გულისხმობს. აღნიშნულ ლაბორატორიებში, 700-ზე მეტი ლაბორატორიული სამუშაო ტარდება.



10. დასაქმება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების კოეფიციენტი 80% ზე მეტია, აქედან 60% თავისი სპეციალობით საქმდება.


 

სიახლეებში დაბრუნება