გარდაიცვალა პროფესორი შალვა ნაჭყებია

07/19/2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს და საერთაშორისო  საინჟინრო და საქართველოს ენერგეტიკული აკადემიების აკადემიკოსის,  IEEE (აშშ)  და Sigma Xi (აშშ) საზოგადოების წევრის, ორგზის ღირსების ორდენის კავალერის, შალვა ნაჭყებიას გარდაცვალების გამო.

ბატონი შალვა ნაჭყებია იყო მაღალი რანგის მეცნიერი და შესანიშნავი პედაგოგი, გამორჩეული ქვეყნისა და მშობლიური უნივერსიტეტისადმი თავდადებით თუ თავდაუზოგავი შრომით.

შალვა ნაჭყებია დაიბადა 1945 წლის 21 თებერვალს, ქ. ცხაკ­ა­იაში (სენაკი). 1969 წელს კი წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლი­ტექ­ნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტი „ელექტრონული სადგურების“ სპეციალობით, რის შემდეგაც მუშაობა ზოგადი და თეორიული ელექტრონიკის კათედრის ასისტენტად განაგრძო; პროფესორი შალვა ნაჭყებია მრავალი წლის განმავლობაში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის  სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

1971 წელს მან სწავლა გააგრძელა მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტის ასპი­რანტურაში. 1975 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1975-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და თეო­რიული ელექტრონიკის კათედრაზე უფროსი მასწავლებლისა და დოცენტის თანამდებობებზე. 1989 წლიდან იყო მაგნიტური ტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღ­ვა­ნელი. 1998 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 2003 წლიდან  ელექტრონული სადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრას, 2007 წლიდან კი - ელექტ­როენერგეტიკის, ელექტრონიკისა და ელექტრომექანიკის დეპარ­ტამენტს ხელმძღ­ვანელობდა. 1979-1983 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის  გაერთიანებული პროფკომის თავმჯდომარე იყო.

მისი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებია: ელექტრომაგნიტური ტექნიკა, თანამედ­როვე მაგნიტური მასალები, ელექტროტექნიკური მოწყობილობების საიმე­დოობის ამაღლების პრობლემები თანამედროვე მაგნიტური მასალების ბაზაზე.

1996 წელს პროფესორი შალვა ნაჭყებია აირჩიეს საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 2005 წელს კი - ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად; 2004 წლიდან ის  საქართველოს ენერგეტიკული აკადემიის წევრია; 1996 წელს აირჩიეს  IEEE-ის (აშშ), 2003 წელს კი  - Sigma Xi-ის (აშშ) საზოგადოების წევრად.

ბატონი შალვა იყო ორგზის ღირსების ორდენის კავალერი, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიების ავტორი, მიღებული ჰქონდა საავტორო მოწმობები, იყო მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციისა და სიმპოზიუ­მის მონაწილე.

ბატონი შალვა მაღალი პროფესიონალიზმით უძღვებოდა ახალგაზრდა თაობის აღზრდას -1995-2007 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო ნაწილის უფროსი, აკადემიური საბჭოს წევრი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის „ენერგეტიკის“ განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.

ბოლო ათწლეულში პროფესორების - შალვა ნაჭყებიასა და ივანე გორგიძის ინიციატივითა და თაოსნობით, შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მატიანე და გამოიცა უნივერსიტეტის ისტორიისადმი  მიძღვნილი რამდენიმე მონოგრაფია.

ბატონი შალვა ნაჭყებიას დიდხანს და სინანულით გაიხსენებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მისი კოლეგები და კურსდამთავრებულები. მისი  გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ოჯახის, მეგობრებისა და მშობლიური უნივერსიტეტისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის საინჟინრო-ტექნიკური საზოგადოებისათვის.

ღმერთმა დაუმკვიდროს  ცათა სასუფეველი...


 

სიახლეებში დაბრუნება