საქართველოში პირველად, სტუ განახლებადი ენერგიის სფეროში სპეციალისტებს გადაამზადებს

07/06/2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება,  რომელიც განახლებადი ენერგიის მიმართულებით სპეციალისტების გადამზადებას მომავალი სასწავლო წლიდან  უზრუნველყოფს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს ინიცირებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორებმა განახლებადი ენერგიის მიმართულებით შემუშავებული გადამზადების პროგრამების პრეზენტაცია გამართეს.

შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელმა, ვალერი პეტერსმა, საქართველოს პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა და  საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის კანცლერმა, დოქტორმა კარლო კოპალიანმა გახსნეს.

შეხვედრაზე განახლებადი ენერგიის სფეროში კვალიფიციური ადამიანური რესურსის განვითარების მნიშვნელობაზე დისკუსია გაიმართა, ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, განახლებადი ენერგიის მოწყობილობების მემონტაჟის პროფესია რეგულირებად პროფესიათა ნუსხაში მოექცა. შესაბამისად, სამუშაო უფლების მოპოვებისთვის სათანადო, სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატის ქონა სავალდებულო ხდება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს განახლებადი ენერგიის სფეროში გადამზადების პროგრამების არსებობას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც განახლებადი ენერგიის მიმართულებით სპეციალისტების გადამზადებას უზრუნველყოფს. შედეგად, შრომით ბაზარზე შესაძლებელი გახდება სერტიფიცირებული სპეციალისტების არსებობა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს შექმნა, რითაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეეწყობა ხელი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის, კარლო კოპალიანის განცხადებით, სტუ-ის  ენერგეტიკის ფაკულტეტზე ენერგიის განახლებად წყაროებზე მომუშავე მცირემასშტაბიანი დანადგარების მემონტაჟეთა გადამზადების ოთხი პროფესიული პროგრამა შემუშავდა, რომლებაც წარმატებით გაიარა ავტორიზაცია.

„აღსანიშნავია, რომ განახლებადი ენერგიის მიმართულებით ოთხივე ახალმა პროგრამამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და უნივერსიტეტი მსმენელებს უკვე მომავალი სასწავლო წლიდან მიიღებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება პირველი, რომელიც მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების, ბიომასის ბოილერებისა და ღუმელების, გეოთერმული სისტემებისა და თბური ტუმბოების მონტაჟის სფეროში მოქმედი სპეციალისტების გადამზადებას და სერტიფიცირებას უზრუნველყოფს. ტექნიკური უნივერსიტეტი ავითარებს მესამე თაობის უნივერსიტეტის კონცეფციას, რომლის მიხედვით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დღეს განიხილება, როგორც ახალი ტიპის საინჟინრო-ეკონომიკური საქმიანობის ინკუბატორი და მჭიდრო კავშირშია მეცნიერებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ჩვენს ენერგეტიკის ფაკულტეტს აქვს ორგანული ჩართულობის ჩამოყალიბებული პრაქტიკა ენერგეტიკის დარგის ინსტიტუციურ თუ საწარმოო-ტექნოლოგიურ განვითარებაში, დარგის განვითარების პოლიტიკის, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, მნიშვნელოვანი პროექტების განხილვისა და განხორციელების საქმეში. ამის საშუალებას იძლევა ტექნიკური უნივერსიტეტის 100-წლოვანი ისტორია ტრადიციული სამეცნიერო და საგანმანათლებლო  მიმართულებებით, ლაბორატორიული და ტექნიკური ინფრასტრუქტურით, სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის ინტელექტუალური რესურსითა და განვითარებაზე ორიენტირებული ხედვებით“, - აღნიშნა სტუ-ის კანცლერმა, კარლო კოპალიანმა.

განახლებადი ენერგიის მიმართულებით, პროფესიული მოდულები საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროგრამის - „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში’’, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), კომპანია „ჰელიოსენერჯის“ და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერითა და მათთან თანამშრომლობით განახორციელა.


 

სიახლეებში დაბრუნება