საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ამერიკელ ხალხს, უნივერსიტეტის სახელით, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

07/04/2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სახელით, ამერიკელ ხალხს და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო ელჩო,

ჩემთვის დიდი პატივია, 100-წლოვანი ისტორიისა და ტრადიციების მქონე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სახელით, ამერიკელ ხალხს და პირადად თქვენ დამოუკიდებლობის დღე მოგილოცოთ.

დამოუკიდებლობის დღე გამორჩეულად ღირებული, სახელმწიფოებრივი იდენტობისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც ხალხსა და მთავრობას განუმტკიცებს ერთიანობისა და თავისუფლების, წარსულისა და აწმყოს პატივისცემის და საუკეთესო მომავლის რწმენას, ხოლო პარტნიორ ქვეყნებს აძლევს მისი ურყევი ფასეულობებისადმი პატივისცემის გამოხატვის შესაძლებლობას.

არასტაბილურ და ცვალებად სამყაროში ამერიკის შეერთებული შტატები სხვა ერებისა და ქვეყნებისთვის კვლავინდებურად რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარ საყრდენად, მაღალ შუქურად თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სავალ გზაზე. დღეს, როდესაც საქართველო - ჩვენი ხალხი და მთავრობა ერთად ისწრაფვის დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ, ევროატლანტიკური სივრცისა და საერთო ევროპული ოჯახისკენ, ეკონომიკის, განათლებისა და მეცნიერების განვითარებისკენ, როგორც არასდროს, ისე მძაფრად ვგრძნობთ ამერიკელი ხალხისა და მთავრობის მხარდაჭერას. ღრმად ვართ დარწმუნებული, ეს დამოკიდებულება განუხრელად განმტკიცდება.

ჩვენი უმაღლესი საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო პროექტები და გლობალური სამეცნიერო ექსპერიმენტები, რომლებიც ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ორგანიზაციებთან კოლაბორაციით ხორციელდება. დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები უმაღლეს განათლებას ამერიკელ თანატოლებთან ერთად ეუფლებიან, ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერებს კი ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, სამეცნიერო კვლევები ამერიკელ კოლეგებთან ერთად განახორციელონ და ამით მსოფლიო ტექნოლოგიურ პროგრესში საკუთარი წვლილი შეიტანონ. ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს, რადგან დარწმუნებული ვართ, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დარგში ამერიკელ კოლეგებთან კოლაბორაცია კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარების ახალ სიმაღლეებს მიაღწევს.

თქვენო აღმატებულებავ, გულითადად გისურვებთ წარმატებებს ქართველი და ამერიკელი ხალხების მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მიმართვაში.


 

სიახლეებში დაბრუნება