სტუ-ის პროფესორებმა პარიზის უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში ლექცია-სემინარები ჩაატარეს

06/09/2022


წელს, მაის-ივნისში ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორთა ჯგუფი, პაატა კერვალიშვილისა და თამარ ბერბერაშვილის შემადგენლობით, პარიზი-საკლეს უნივერსიტეტში (Université Paris-Saclay) (პარიზი, საფრანგეთი) იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ  სტუ-ის თანამშრომლობა პარიზი-საკლეს უნივერსიტეტის  ინსტიტუტებთან, რომელიც ათეულ წელიწადს ითვლის, ხორციელდებოდა როგორც პირდაპირი ხელშეკრულებით, ასევე ევროკავშირის ერთობლივი პროექტების ჩარჩოში.

ამჯერად, სტუ-ის პროფესორებთან ერთად პარიზ-საკლეს წამყვან ცენტრებში, მოლეკულური მეცნიერების ინსტიტუტსა და ირენ ჟოლიო-კიურის სახელობის ფიზიკის ლაბორატორიაში, ხანგრძლივი სტაჟირებით სტუ-ის დოქტორანტი ანა კეკელიძე და მაგისტრანტი თორნიკე კახეთელიძე იმყოფებიან.

სტუ-ის პროფესორების ვიზიტი მოიცავდა, როგორც ლექცია-სემინარების ჩატარებას, ასევე სპეციალურ შეხვედრებს ერთობლივი სამეცნიერო-ტექნიკური პროექტების ორგანიზაციისთვის. ჩატარებული ლექცია-სემინარებიდან აღსანიშნავია საერთაშორისო სემინარი „Vibrational properties of nanobioparticles and concept of resonance therapy “, რომელიც მოლეკულური მეცნიერების ინსტიტუტის დარბაზში  ჩატარდა.

ვიზიტის დასასრულს, გადაწყდა, რომ სტუ-სა და პარიზის უნივერსიტეტს შორის   სტუდენტების გაცვლა სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება. სამომავლოდ კი, დაიგეგმა,  ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში ერთობლივი პროექტის წარდგენა.


 

სიახლეებში დაბრუნება