სტუ-ის ფაბლაბმა მულტიფუნქციური კაშხალი ააგო

05/31/2022

სტუ-ის ფაბლაბმა (ბიზნესინკუბატორი) კიდევ ერთი საინტერესო პროექტი დაასრულა. პროექტში მონაწილე ფაბლაბისა და სტუ-ის სტუდენტების ჯგუბმა უნივერსიტეტის სკვერში "მულტიფუნქციური კაშხალი" ააგო.

ერთი მეტრის სიმაღლის „მულტიფუნქციური კაშხალი“ არის მცირე ტიპის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც გამოიმუშავებს ელექტრო ენერგიას და არის ზოგადად კაშხლის მუშაობის ერთ-ერთი საინტერესო თვალსაჩინოება. მოდელში მაქსიმალურად გამჭირვალედ ვხედავთ "კაპლანის" ტიპის ჰიდროგენერატორის მუშაობას. მიღებული ენერგიით ხდება სიმბოლიკის მოძრაობა, რომელსაც აქვს ნათურის ფორმა.

სტუ-ის ბიზნესინკუბატორის ხელმძღვანელის გიორგი ფრანგიშვილის განცხადებით, „მულტიფუნქციური კაშხალი“ განსაკუთრებით საინტერესო იქნება, ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რათა გაგრძელდეს მუშაობა სხვადასხვა ტიპის გენერატორებზე მაქსიმალურად ეფექტური ენერგიის მისაღებად

„მოდელი, კომპაქტურად მოეწყო ჩვენი ლაბორატორიის უკანა ეზოში და ნებისმიერ სტუდენტს, ასევე ყველა მსურველს შეუძლია დაათვალიეროს. პროექტი ძალიან საინტერესო გამოვიდა და რაც მთავარია, ამ პროექტმა მისცა საშუალება სამშენებლო და ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტებს, დარგის მომავალ სპეციალისტებს, ექსპერიმენტები ჩაატარონ. პროექტში ჩართულები იყვნენ არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები. „მულტიფუნქციური კაშხალი“ არის ლაბორატორიული სამუშაოებისათვის კიდევ ერთი პლატფორმა. ჩვენ შევხვდით სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანს და შევთანხმდით, რომ ფაკულტეტზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისაგან შემდგარი ჯგუფი იმუშავებს, ერთად ჩავატარებთ კვლევებს, გავაუმჯობესებთ კაშხლის მოცემულობას“, - აცხადებს გიორგი ფრანგიშვილი.

ბიზნესინკუბატორის ჯგუფის მიერ აგებული კაშხალი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და მისი მოცულობის გაზრდა დაინტერესებისა და სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

„კაშხლის გამოყენება შეუძლიათ მცირე მეწარმეებს. მათ სურვილის შემთხვევაში აქვთ შეასაძლებლობა კაშხალი მოარგონ თავის რელიეფს, გააუმჯობესონ ვიზუალურად, გამოიყენონ ბაღის, სათბურის, სკვერის მოსარწყავად, ააშენონ შადრევანი, გაანათონ დიოდები და ასე სემდეგ. კაშხლის გამომუშავებული ელექტრო ენერგია ამ პროცესებისთვის სავსებით საკმარისია. უპირატესობა ისაა, რომ  კაშხალს არ სჭირდება წყლის დიდი ვარდნა, არ ითხოვს დახრის დიდ კუთხეს, მთავარია წყლის მასა ჩამოვიდეს ავზამდე და შეივსოს“, - აცხადებს გიორგი ფრანგიშვილი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამომავლოდ დაგეგმილია, ფაბლაბის სამუშაო პროცესში მშენებლების, არქიტექტორებისა და ენერგეტიკოსების გარდა ჩაერთონ სტუ-ის სხვა ფაკულტეტების სტუდენტები. მაგალითად, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა თავისი საქმიანობის ფარგლებში წარმოადგინონ კომერციული პროექტის მოდული, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემთ სამეწარმეო საქმითაც დაკავდნენ. ასევე სტუ გეგმავს ფაბლაბის სამუშაო პროცესში ჩართოს ინკლუზიური პროფესიული განათლების პროექტის სტუდენტები, რომელთა ერთი ნაწილი უკვე აქტიურადაა დაკავებული ფაბლაბის სამუშაო პროცესში.


 

სიახლეებში დაბრუნება