საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰორიზონტი ევროპის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

05/11/2022


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰორიზონტი ევროპის, ეროვნული და საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ: ნუნუ მიცკევიჩი - განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; ჯაბა სამუშია - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი; ზაზა მარუაშვილი და მინდია ოკუჯავა - განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები; მაია ოკუჯავა - ჰორიზონტი ევროპის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი; ნინი შენგელია - მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის ხელმძღვანელი და  სტუ-ის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგრანტო პროექტებში და მათ არაერთ წარმატებას მიაღწიეს.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, რომლის ორგანიზებისათვის მადლობას მოვახსენებ მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები აქტიურად არიან ჩართულნი საგრანტო პროექტებში. განსაკუთრებით საამაყოა, რომ მრავალ წარმატებას  მიაღწიეს ჩვენმა ახალგაზრდა მეცნიერებმა. უნივერსიტეტში საგრანტო ოფისი ახალი გახსნილია და მიუხედავად ამისა მათ შესძლეს ბევრი კარგი საქმის გაკეთება. რაც მთავარია, ოფისი, უშუალოდ ჩემი დავალებით მაქსიმალურად გამჭვირვალედ მუშაობს და დროულად აწვდის სხვადასხვა კონკურსის შესახებ ინფორმაციას მეცნიერ-თანამშრომლებს, ხელს უწყობს მათ ჩართულობას პროექტებში“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები ისევე ისარგებლებენ საგრანტო პროექტით, როგორც ევროპის ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი მეცნიერები.

„ყველა პროექტში, რომელიც ევროკავშირის მხრიდან იქნება გაზიარებული, აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები, მათ ექნებათ იგივე საშუალებები, რომელიც ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნის მეცნიერ-მკვლევრებს აქვთ. ჩარჩო პროგრამა მაღალბიუჯეტიანია, 95.5 მილიარდი ევრო განაწილდება საგრანტო კონკურსებით და ჩვენ ვიწყებთ აქტიურ თანამშრომლობას სამეცნიერო საზოგადოებასთან. მეცნიერების მენეჯმენტის სკოლა ინტენსიურად იმუშავებს როგორც ტრენინგების, სხვადასხვა სამუშაო შეხვედრების, ასევე საინფორმაციო მიმართულებით“, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, ფონდი ახალგაზრდა მეცნიერების წახალისების მიზნით რამდენიმე საგრანტო კონკურსს აცხადებს.

„ჩვენ გვაქვს ორი დიდი საგრანტო კონკურსი, სადაც, როგორც დიდი, ასევე შედარებით ნაკლები გამოცდილების ჯგუფები მონაწილეობენ. მსგავსი პრაქტიკა ბევრ ევროპულ ფონდს აქვს. ჩვენ ვცდილობთ, ადამიანებს გაუჩნდეთ შეგრძნება, რომ ეროვნული, რუსთაველის ფონდის დონეზე თავისუფლად შეუძლია მიაღწიოს წარმატებას. საგრანტო კონკურსი გამოცხადდება იმ ახალგაზრდებისათვის, რომელთაც აქვთ სურვილი საგრანტო კონკურსის მეშვეობით დონორები მოიძიონ. სასურველია, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს ბევრმა დამწყებმა ახალგაზრდა მეცნიერმა. საგრანტო კონკურსები, რომელსაც რუსთაველის ფონდი მხოლოდ და მხოლოდ მენეჯმენტს უკეთებს და არავითარ შემთხვევაში არ ერევა შეფასების ნაწილში. ამ პოლიტიკას ფონდი კვლავ გააგრძელებს. ვთვლი, რომ არ შეიძლება რუსთაველის ფონდი იყოს კონკურსის შეფასებითი ნაწილის უშუალო მონაწილე. ამის რესურსი საქართველოს აქვს, მაგრამ მაშინ, როდესაც კონკუსრში მონაწილეობს 5 ათასამდე ქართველი მეცნიერ-თანამშრომელი, ძალიან ძნელია დაიცვა წონასწორობა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და კონკურსი გავიტანეთ უცხოეთში. ჩვენ შევცვალეთ კონკურსის მოდელი, რომელიც წელსაც დაიხვეწება, პროცესი არის ცოცხალი, თუ იქნება თქვენი სურვილი, მზად ვარ შევხვდეთ და ვიმსჯელოთ ყველა დეტალზე და ნიუანსზე“, -  განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

მეცნიერთა იდეების კომერციალიზაციის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ჰორიზონტი ევროპის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა მაია ოკუჯავამ მიაწოდა.

„უდიდესი პატივია, რომ დღეს ვარ აქ, ტექნიკურ უნივერსიტეტში და ასეთ გამოცდილ,  კომპეტენტურ აუდიტორიასთან მიწევს ჩვენი ოფისის წარდგენა. ჰორიზონტი ევროპა ძალიან მასშტაბური პროექტია, რომელსაც ამბიციური ბიუჯეტი აქვს. ეს არის ევროპის კვლევების სივრცე და საქართველო უნდა გახდეს ევროპის სივრცის ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს და სწარფად მოხდეს სამეცნიერო შედეგების მიტანა მოსახლეობამდე. ამ პროგრამის განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა მეცნიერების იდეების კომერციალიზაციას და შესაბამისი ხელშემწყობი ინსტრუმენტებიცაა პროგრამაში ჩადებული. ამ პროგრამაში ძალიან ბევრი კარგი შესაძლებლობაა ამ მიმართულებით ჩადებული“, - განაცხადა მაია ოკუჯავა.

შეხვედრის დასასრულ გაიმართა "წარმატების ისტორიის" სესია. სტუ-ის პროფესორმა პაატა კერვალიშვილმა აუდიტორიას გაუზიარა ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ  კი, პროფესორ-მასწავლებლებსა და აკადემიურ წრეს გაწეული შრომისთვის, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.იხილე ვიდეო



 

სიახლეებში დაბრუნება