საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სტუდენტები სწავლების ინდივიდუალურ გრაფიკზე გადაიყვანა

04/27/2022


საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სტუდენტები სწავლების ინდივიდუალურ გრაფიკზე გადაიყვანა. უნივერსიტეტი შუასემესტრულ გამოცდებს 16 მაისიდან იწყებს, ხოლო სასწავლო პროცესს 23 მაისიდან განაახლებს.

სტუ-ის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის ინიციატივით 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრისათვის, აკადემიურმა საბჭომ განიხილა მიმდინარე სემესტრში სტუდენტების ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანის საკითხი და 2022 წლის 17 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება N01-05-04/30, რომლის თანახმადაც სამივე საფეხურის სტუდენტები, როგორც წინა სემესტრში, მიმდინარე სემესტრშიც ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის ფორმატში ისწავლიან.

უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ვერ მოახერხებენ სასწავლო პროცესში სრულად ჩართვას, საგამოცდო პროცესის დაწყებამდე შეძლებენ ჰიბრიდულ რეჟიმში ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის გათვალისწინებით აღადგინონ მიმდინარე აქტოვობები, ლაბორატორიული მეცადინეობები.

”გაუმჯობესებული კოვიდ პანდემიის პირობებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის გადაწყვეტილებით, სწავლების დეპარტამენტმა, სტუდენტების ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული საგამოცდო ფორმატი შეიმუშავა. ჰიბრიდულ პრინციპზე აგებული საგამოცდო ფორმატით სტუდენტებს არჩევანის შესაძლებლობა მიეცათ, რომ დასკვნითი გამოცდები მათთვის მოცემულ მომენტში მისაღები ფორმით - ონლაინ რეჟიმში ან ცოცხალ რეჟიმში - აუდიტორიასა და ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო კომპიუტერულ ცენტრში ჩაებარებინათ. ამით იმ სტუდენტების ინტერესებიც გავითვალისწინეთ, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომის საშუალება არ ჰქონდათ. პანდემიის პირობებში უნივერსიტეტი ყოველთვის ცდილობდა და დღესაც მაქსიმალურად ცდილობს, შეუწყოს ხელი სტუდენტის სწავლებას, რათა სამომავლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა იყოს მათი წინსვლის გარანტია“, - აცხადებს სტუ-ის სწავლების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი.


 

სიახლეებში დაბრუნება