საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სტუდენტებსა და კოლეგებს დედა ენის დღეს ულოცავს

04/14/2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდის - დედა ენის დღეს ულოცავს.

„გილოცავთ დედა ენის დღეს! 14 აპრილი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდის - ქართული ენის დაცვის დღეა და ეს თარიღი უმნიშვნელოვანესია საქართველოს უახლეს ისტორიაში. საუკუნეების მანძილზე ქართულმა ენამ მრავალი განსაცდელი, დევნა თუ შევიწროება განიცადა. ერთ-ერთი ასეთი მძიმე დღე იყო 1978 წლის 14 აპრილი, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა განიზრახა. ამ მცდელობას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული ათასობით ადამიანი წინ აღუდგა ამ უსამართლო გადაწყვეტილებას. მშვიდობიან პროტესტანტთა უდიდეს ნაწილს ახალგაზრდობა შეადგენდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა უკან დაეხია და თავის განზრახვაზე ხელი აეღო.

14 აპრილს ქართველმა ხალხმა შეძლო დაეცვა მშობლიური ენა და საკუთარი იდენტობა, რითაც გააძლიერა სწრაფვა, ჩამოყალიბებულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველმა მშვიდობიანმა საპროტესტო დემონსტრაციამ არა მხოლოდ ქართულ ენას შეუნარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი, არამედ არნახულად ძლიერი ბიძგი მისცა ეროვნულ მოძრაობასაც.

დღეს ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა მყარი ფუნდამენტია ერთიანობისა და ქართული სახელმწიფოს აღმავლობისთვის. ქართველი ერი ვამაყობთ ჩვენი ენითა და უნიკალური ანბანით, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მსოფლიო ცივილიზაციაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი მოქალაქისთვის დღეს ყოველგვარი პირობაა შექმნილი ქართული ენის შესასწავლად. მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკურ უმცირესობებს, თავიანთი ენისა და კულტურის პარალელურად, შესაძლებლობა აქვთ საფუძვლიანად შეისწავლონ სახელმწიფო ენა და ამით სრულყოფილად ინტეგრირდნენ საზოგადოებაში. მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით და მაღალ დონეზე ფუნქციონირებს ქართული ენის მომზადების პროგრამა ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული სტუდენტებისთვის. პროგრამის დასრულების შემდეგ, ისინი დაუბრკოლებლად აგრძელებენ სწავლას ჩვენი უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიურ თუ ჰუმანიტარულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რამდენიმე წელია მოქმედებს „საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი“, რომელიც ენობრივ ტექნოლოგიებზეა აქცენტირებული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების მიმართულებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ დედა ენის დღეს! ენა გვაერთიანებს, გვაძლიერებს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მყარ საფუძველს ქმნის”, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის მიმართვაში.


 

სიახლეებში დაბრუნება