საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპორტის საერთაშორისო დღეს მასობრივი სპორტული ღონისძიებით აღნიშნეს

04/08/2022

სტუ-ის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ღია სივრცეში გაიმართა. სპეციალურად გამოყოფილ და აღჭურვილ სუბსივრცეებში, მთელი დღის განმავლობაში, სპორტის სხვადასხვა სახეობებში, პარალელურ რეჟიმში იასპარეზეს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა და გოგონათა საფაკულტეტო გუნდებმა, სპორტის შემდეგ სახეობებში: ქუჩის ფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი, კლასიკური ფრენბურთი, სამაგიდო ფრენბურთი, პარაფრენბურთი, გრეხეთბოლი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, მკლავჭიდი.

სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

„ღონისძიებით, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ტარდება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შეუერთდა გაეროს ინიციატივას, რომელიც სპორტის მედიაციით, მსოფლიოში მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენ არის მიმართული. ჩვენთვის განსაკუთრებით სამაყოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა არაერთი სახელოვანი სპორტსმენი. უნივერსიტეტი მათ ყოველთვის ხელს უწყობდა და ისინი საქართველოსა და უნივერსიტეტის სახელით იპყრობდნენ მწვერვალებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ ტრადიციას დღესაც აგრძელებს. ჩვენ გვყავს არაერთი ჩემპიონი, რომლებმაც მრავალგზის გვასახელეს. წარმატებები მათ“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

სტუდენტური ღონისძიება გამარჯვებული გუნდების გამოვლენითა და დაჯილდოებით დასრულდა.

გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, განათლების და მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, თბილისის მერიის, ქ.თბილისის საკრებულოს და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელმა პირებმა.

„საქართველოს ტენქნიკურ უნივერსიტეტში რექტორის დავით გურგენიძის ინიციატივითა და კანცლერის კარლო კოპალიანის მხარდაჭერით, აღორძინებას იწყებს ტრადიცია, რომლითაც მრავალი წლის განმავლობაში საქართველო და უნივერსიტეტი ამაყობდა. დღეს ჩვენი სტუდენტური, სპორტული გუნდები წარმატებით ასპარეზობენ და მრავალ სახეობაში ჩემპიონები არიან, რაშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მოკრძალებული წვლილიცაა შეტანილი. მადლობა მინდა გადავუხადო რექტორატს სტუდენტებისა და ჩვენი დეპარტამენტის მხარდაჭერისათვის“, - აღნიშნა სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა.

ცნობისათვის: სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (International day of Sport for Peace and Development), მსოფლიო მასშტაბით იმართება არაერთი ღონისძიება და საერთაშორისო კამპანია, რომელთაც აქტიურად უერთდებიან სპორტული ფედერაციები, სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები.






 

სიახლეებში დაბრუნება