თანამშრომრობის შესაძლებლობა ენერგოეფექტურობის საკითხებზე

04/01/2022
მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო,

გაცნობებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ენერგეტიკის სექტორში რეფორმის გატარებისა და ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის აღსრულებისათვის ამზადებს ენერგოეფექტურობის განვითარების ხელშემწყობ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

ენერგოეფექტურობის განვითარებისთვის მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო მოიცავს „ენერგოეფექტურობის შესახებ“, „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ და  „საყოფაცხოვრებო ტექნიკის ენერგო-ეტიკეტირების შესახებ“ კანონებს.

„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად უნდა მომზადდეს და საქართველოს მთავრობამ უნდა დაამტკიცოს სატრენინგო პროგრამები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ახალი პროფესიების შექმნას:

  • ენერგომენეჯერი;
  • ენერგომომსახურების მიმწოდებელი;
  • მრეწველობის სექტორში ენერგოაუდიტის განმახორციელებელი;
  • შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების განმახორციელებელი;
  • შენობის მიერ ენერგიის მოხმარებაზე გავლენის მქონე ელემენტების მემონტაჟე;

        აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტმა, რომელიც ჩართულია ევროკავშირისა და KfW-ს ტექნიკური დახმარების პროექტში, დაიწყო სატრენინგო პროგრამების მომზადება GOPA-Intec GmbH-ის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით.

        ამ ეტაპისთვის, კანონით დადგენილი დებულებისა და საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინების საფუძველზე შემუშავებულ იქნა სატრენინგო პროგრამები შესაბამისი სტრუქტურითა და მოდულებით შემდეგი ექსპერტებისათვის:

ა) ენერგოაუდიტორები მრეწველობასა და შენობების სექტორში;

ბ) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების („ეეს“) შემფასებლები;

გ) გათბობისა და გაგრილების სისტემების ინსპექტორები.

მიგვაჩნია, რომ ამ პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მხარეს წარმოადგენს პროფესიული განვითრების სექტორის მონაწილეების ჩართულობა და იმ კოლეჯების იდენტიფიცირება, რომლებშიც მოხდება სატრენინგო პროგრამების დანერგვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გვსურს მოგიწვიოთ ამ პროცესში. გთხოვთ, თქვენი დაინტერესების შემთხვევაში, განიხილოთ ამ მეილით მოწოდებული სატრენინგო პროგრამების პროექტი (იხ. დანართი) და გვაცნობოთ თქვენი პოზიცია შემდეგ საკითხებზე:

ა) თუ დაინტერესდებით და შესაძლოა თუ არა აღნიშნული პროგრამების დანერგვა თქვენი კოლეჯების  მეშვეობით?

ბ) დაინტერესების შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ რა არის ამ პროცესის წარმართვისთვის საჭირო თქვენი კომპეტენციის ფარგლებში?

გ) რა გამოწვევებს ხედავთ და როგორ შეიძლება არსებული გამოწვევებისა და სირთულეების ერთობლივად გადაჭრა?

ასევე, გთხოვთ, მოგვაწოდოთ სხვა დამატებითი რეკომენდაციები პროგრამის შესახებ, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს პროგრამის წარმატებული განხორციელებისთვის.

 გთხოვთ, აღნიშნული მოგვაწოდოთ 14 აპრილისთვის.


 

სიახლეებში დაბრუნება