საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს კულტურის პალატამ უკრაინაში ერთობლივი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნეს

03/29/2022

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს კულტურის პალატამ, ერთობლივი აქციის ფარგლებში, უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნეს. უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციისა და ღონისძიებების ჩატარების ორგანიზატორია სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს კულტურის პალატის ერთობლივი საქველმოქმედო აქციის - „მე, შენ, ჩვენ - ერთად სიცოცხლისათვის, ერთად უკრაინისთვის“ - ფარგლებში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვილ ჰუმანიტარულ ტვირთს ქალაქ ივანო-ფრანკოვსკის ვ. სტეფანიკის სახელობის კარპატისპირა ეროვნული უნივერსიტეტი მიიღებს.

„ჰუმანიტარული ტვირთის ადრესატი ივანო-ფრანკოვსკში მდებარე სტეფანიკის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტია, რომელთანაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მრავალწლიანი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თანამშრომლობა აკავშირებს. ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისაა განკუთვნილი. ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კავშირი აქვს უკრაინელ კოლეგებთან. თითქმის ყოველდღე ვესაუბრებით მათ და ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ ტკივილი. მშვიდობა უკრაინას და საქართველოს!“ - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს კულტურის პალატამ ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში უკრაინელთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება 28 თებერვლიდან დაიწყეს. სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, უნივერსიტეტისა და კულტურის პალატის თანამშრომლების გარდა, აქციაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებმაც მიიღეს. აქციის ფარგლებში, უკრაინელთა დახმარების მიზნით, ასევე, მობილიზებული იყო საბანკო სპეცანგარიში.

„ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში, ჩვენთვის, საქართველოს მოსახლეობისათვის, ნაცნობი ვითარება და ორმაგი ტკივილია. საქართველოს 20%-ი ოკუპირებულია. აფხაზეთი, სამაჩაბლო - ჩვენი ტკივილია. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს მეგობრობა, გაჭირვების ჟამს გამოწვდილი დახმარების ხელის მადლი და როცა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გამოხატა სურვილი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში დავხმარებოდით ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტში სტუდენტების ნაკადი არ შემწყდარა. ისინი მოდიოდნენ და გამოხატავდნენ აქციაში ჩართვის სურვილს. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ერთიანობა კი ნიშანია იმისა, რომ სიკეთეს ბოროტება ვერასდროს დაამარცხებს“, - განაცხადა სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრძელებს საქველმოქმედო აქციას, რომლის ფარგლებშიც, სტუდენტური თეატრ-სტუდია „მოდინახე“ საქართველოს მასშტაბით საქველმოქმედო სპექტაკლებს გამართავს. შემოსული თანხა უკრაინელი ხალხის დახმარების ფონდში გადაირიცხება.

პირველი არხის სიუჟეტი - უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა (თანდართული ვიდეოფაილი)



 

სიახლეებში დაბრუნება