ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორების წარმატება

02/10/2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ოთხს პროფესორს ევროკავშირის ექსპერტის წოდება მიენიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საერთაშორისო კონფერენცია "რესურსეფექტური და სუფთა წარმოება, როგორც ეკონომიკის „მწვანე გარდაქმნის “ საშუალება" ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო"-ს, საერთაშორისო ორგანიზაცია UNIDO-ს და EU4ENVIRONMENT-ის ინიციატივით, ევროკავშირის სამრეწველო კვირეული 2022 -ის ფარგლებში და მასში მონაწილეობდა ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.  

„კონფერენციას წინ უძღოდა UNIDO-ს მიერ განხორციელებული წელიწადნახევრიანი სწავლებები და ტრენინგები, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ტესტირებები. აღსანიშნავია, რომ ტესტირების წარმატებით ჩაბარების შედეგად  მონაწილეებს მიენიჭათ ევროკავშირის მიერ  სერთიფიცირებული რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ექსპერტის წოდება. სასიხარულოა, რომ ექსპერტის წოდება მოიპოვეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის თანამშრომლებმა, პროფესორებმა: ბაადურ ჩხაიძემ,  ევტიხი მაჭავარიანმა,  გიორგი გიგინეიშვილმა და ნათია არაბიძემ“ - განაცხადა ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა ლენა შატაკიშვილმა.

კონფერენციის ბოლოს EU4energy-ის, UNIDO-ის, ენერგოეფექტურობის ცენტრისა და EU4ENVIRONMENT -ის ხელმძღვანელობამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორ ქევხიშვილს გაწეული თანამშრომლობისა და მის მიერ ჩატარებული მაღალი დონის ტრენინგებისთვის.


 

სიახლეებში დაბრუნება